მსოფლიო ლიდერები უკვე ჩავიდნენ იტალიაში, სადაც დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყება. მთავარ განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინის დახმარებისა და რუსეთის გაყინული აქტივების საკითხები.
წლევანდელ დიდი შვიდეულის სამიტს იტალია მასპინძლობს აპულიის რეგიონში, ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, რომელშიც ასევე განთავსებულია მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანი. სამიტისთვის, რომელიც დღეს დაიწყება და სამ დღეს გასტანს, მაქსიმალურადაა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები. ღონისძიების ადგილიც უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეირჩა, რადგან ასეთი არეალის გაკონტროლება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე რომის მსგავსი დიდი ქალაქისა.

იტალიაში უკვე ჩავიდნენ შეერთებული შტატების, კანადის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იაპონიის ლიდერები. ბოლო ინფორმაციით, სამიტს ასევე დაესწრებიან უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ასევე რომის პაპი ფრანცისკე.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკრაინის საკითხი იქნება. მოსალოდნელია, რომ დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდებიან გეგმაზე, რომელიც რუსეთის მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვასა და ამ თანხის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს. სამიტზე ასევე მიწვეული არიან ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა, რომლებიც ბრიქსის გაერთიანების მნიშვნელოვანი წევრები არიან.
