კანონპროექტი, რომელიც სამოქალაქო სექტორის თქმით ლგბტქ+ უფლებებს შეზღუდავს, „ქართული ოცნების“ პოზიციით კი ქვიარ თემის ე.წ. პროპაგანდას აკრძალავს ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიის გეგმები საზოგადოებას უკვე გააცნო.
ფილმებიდან ამოიჭრება ერთნაირსქესიანთა ინტიმური სცენები, ეს კადრები ვერც ტელეეკრანებზე მოხვდება და ვერც კინოთეატრებში.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქვიარ თემზე საუბარი შესაძლოა აიკრძალოს, იმ შემთხვევაში თუ მას ლგბტქ+ თემის პროპაგანდად ჩათვლიან. სქესის შეცვლის ოპერაცია, არასრულწლოვანის შვილად აყვანა, შეკრება და მანიფესტაცია – ეს ის საკითხებია, რაც მმართველი პარტიის ინიციატივით წარდგენილი კანონის მიღების შემთხვევაში აიკრძალება და შეიზღუდება.
“მეხუთე საკითხი ეხება პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში – დაუშვებელი იქება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება, კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
გარდა ამისა, მეექვსე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. პირობითად თუ ტელევიზიით გადის ფილმი და იქ არის სცენა ამ შინაარსით, ეს სცენა უნდა იყოს შეზღუდული და არგაშვებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ანტიკონსტიტუციური – ასე აფასებენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს სამოქალაქო სექტორში. ამბობენ, რომ მმართველი პარტია ქვეყანაში რეალურ პრობლემებს ვერ აგვარებს და ამიტომ გამოგონილი პრობლემებით მოქალაქეების ყურადღების გადატანას ცდილობს.
ამბობენ იმასაც, რომ ეს კანონპროექტი არ მოიცავს მხოლოდ ლგბტქ+ თემის უფლებების შეზღუდვას და შეზღუდავს უამრავ ადამიანს, მათ შორის მასწავლებლებს, ლექტორებს, რეჟისორებს, მხატვრებს და ასე შემდეგ.
„ცდილობენ, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობები პოლიტიკურად გამოიყენონ და ამბობენ, რომ ისინი თითქოს იცავენ ჩვენს უფლებებს და ბავშვებს. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ბავშვების მესამედი შიმშილობს და სიღარიბეში ცხოვრობს. ჩვენ ოჯახების დაცვის ყველაზე გამოფიტული და სუსტი სისტემა გვაქვს. მმართველი პარტია ცდილობს ჰომოფობიის საკითხებზე ფოკუსირებით გადაფაროს ის მნიშვნელოვანი საკითხები რაც ქვეყანაში დგას. სიღარიბის მაღალი დონე, ეკონომიკური უთანასწორობა, ისტორიულ მაქსიმუმზე ასული მიგრაცია, რეპრესიები და ასე შემდეგ. ბუნებრივია მათი მიზანი ევროპული პერსპექტივის განზრახ დაზიანებაა. მას შემდეგ რაც 2023 წელს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ასეთ გაუარესებებს აღარ ველოდებით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის რომ ევროკავშირმა თქვას – ასეთი პოლიტიკური სისტემის სახელმწიფოს მიღება მის წიაღში შეუძლებელია“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ, EMC-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც მმართველმა პარტიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა“ დაარქვა 19 კანონისგან შედგება და 8 საკითხს მოიცავს. „ქართულ ოცნებაში“ ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებას ივნისში, ხოლო მეორე და მესამე მოსმენით მიღებას სექტემბერში გეგმავენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია და ასეთი კანონების მიღებით მოქალაქეთა იმ ჯგუფის ხმების მობილიზებას ცდილობენ, რომლებიც ანტი-ლგბტქ+ განწყობებით გამოირჩევიან.