IQAir-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 100 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან 99 აზიის კონტინენტზეა.
“მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქები აზიაშია, თუმცა ბინძური ჰაერი ყველა ჩვენგანზე მოქმედებს”, – ვკითხულობთ შვეიცარიული მონიტორინგის ჯგუფის, IQAir-ის მოხსენებაში.
IQAir მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰაერის ხარისხისა და დაბინძურების სტატისტიკის დონეს იკვლევს. კომპანიის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ჰაერის ხარისხი დამაკმაყოფილებელი სულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ფინეთში, ესტონეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისლანდიაშია.
თბილისი ჰაერის დაბინძურების ხარისხით 7812 ქალაქს შორის 1658 პოზიციას იკავებს. ქალაქის ჰაერის დაბინძურების ხარისხი ნორმას 300%-ით აღემატება. საქართველოში ჰაერის დაბინძურების გავლენით ყოველ წელს საშუალოდ 3741 ადამიანი იღუპება.
ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებული ცენტრალურ და სამხრეთ აზიაშია. გასულ წელს მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების პირველ ასეულში 99 აზიური ქალაქი მოხვდა. ამ ჩამონათვალშია ინდოეთის 83 ქალაქი. ყველა ამ ქალაქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის მოთხოვნები არათუ ვერ დააკმაყოფილა, არამედ დაბინძურების დასაშვებ ნორმას 10-ზე მეტჯერ გადააჭარბა.
These are the 10 most polluted cities in the world right now. To see what your air quality is like, download our free app. https://t.co/9rtx3xswmx pic.twitter.com/2W9dIqivcz
— IQAir (@IQAir) March 15, 2024
ჰაერის დაბინძურების ხარისხი ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ატმოსფერული და საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებით ყოველწლიურად შვიდ მილიონამდე ადამიანი იღუპება.