ალასკაში მარხილში ჩაბმული ძაღლებით რბოლის, იდიტაროდის დროს ორი ძაღლი დაიღუპა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რბოლას ცხოველი ემსხვერპლა.
მომხდარის შემდეგ კვლავ გააქტიურდნენ ცხოველთა დამცველები, რომლებიც ითხოვენ ამ შეჯიბრების გაუქმებას, სადაც მრბოლელები და მათი ძაღლები 1609 კილომეტრს ფარავენ, გადიან მთებს, გაყინულ მდინარეებსა და ზღვებს.
ისაკ ტიფორდის გუნდის წევრი, 2 წლის ბოგი, კვირას დილით წაიქცა. ვეტერინარების მიერ აღმოჩენილი პირველადი დახმარების მიუხედავად, ძაღლი ვერ გადარჩა. მეორე ძაღლი ჯორჯი, რომელიც რბოლისას მოკვდა, ჰანტერ კიფის გუნდის წევრი იყო.
კიფი და ტიფორდი, ძაღლების პატრონები, შედარებით დამწყები მრბოლელები არიან. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ რბოლაში ტიფორდი პირველად მონაწილეობდა, კიფი კი – მეორედ.
ცხოველთა დამცველმა ორგანიზაცია „პეტამ“, რომელიც იდიტაროდის რბოლას მრავალი წელია აკრიტიკებს, ოფიციალური განცხადებით რბოლის შეწყვეტა მოითხოვა.
„იზრდება დაღუპული ცხოველების რაოდენობა. შეჯიბრების მონაწილეები აიძულებენ ძაღლებს, ირბონონ, სანამ სასიცოცხლო ძალა არ გამოეცლებათ. ამას კი იმისთვის აკეთებენ, რომ მრბოლელმა თასი მოიპოვოს. ძაღლები კი მათ ახირებას ეწირებიან. ორგანიზაცია PETA საზოგადოებას სასტიკი რბოლის გაუქმებისკენ მოუწოდებს.
PETA-ს ინფორმაციით, 1973 წლიდან მოყოლებული იდიტაროდის რბოლას 150-ზე მეტი ძაღლი შეეწირა. თუმცა რბოლის ორგანიზატორები ოფიციალურ რაოდენობას არ ასაჯაროებენ. წლევანდელი რბოლის დაწყებამდე, მოსამზადებელი პერიოდში, კიდევ ხუთი ძაღლი მოკვდა, რვა კი დაშავდა.
რბოლა დაახლოებით 10 დღე გრძელდება და მასში წელს 38 გუნდი იღებდა მონაწილეობას, რბოლას 5 გუნდი უკვე გამოეთიშა. მარშრუტი ორ მთიან ქედზე, მდინარე იუკონსა და ბერინგის ზღვაზე გადის, რომელთა ზედაპირებიც გაყინულია. საბოლოოდ კი რბოლა ქალაქ ნომში სრულდება.