მთავარიამერიკააშშენტონი ბლინკენის მეხუთე ტურნე ახლო აღმოსავლეთში

ენტონი ბლინკენის მეხუთე ტურნე ახლო აღმოსავლეთში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკვე მეხუთედ ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში. ამჯერად ამერიკელი მაღალჩინოსანი საუდის არაბეთს ეწვია. ენტონი ბლინკენს ორი დიპლომატიური მიზანი აქვს, პირველი სტრატეგიული ხასიათისაა და გულისხმობს, 2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” ისრაელთან წამოწყებული ომის რეგიონულ კონფლიქტად გადაქცევის თავიდან არიდებას. მიუხედავად ამერიკელი დიპლომატის დიდი მცდელობისა რეგიონული კონფლიქტის საშიშროება უფრო და უფრო იზრდება, იემენში ჰუსიტებთან დაპირისპირებით და ასევე იორდანიაში, სირიასა და ერაყში თეირანის მხარდაჭერილ ძალებთან შეტაკებებით.

გასათვალისწინებელია ასევე ლიბანში მოქმედ “ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის არსებული შედარებით მცირე მასშტაბის დაპირისპირებაც. ღაზის სექტორის გარკვეული ტერიტორიიდან ისრაელის არმიის გასვლის შემდეგ “ჰამასის” შენაერთები უკან დაბრუნდნენ. ისრაელის ხელისუფლება კი ომის შეწყვეტაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს. ენტონი ბლინკენის მეხუთე ტურნეს ტაქტიკური მიზანი ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევაა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტს აფასებს AP–ის ჟურნალისტი ახლო აღმოსავლეთში ჯო ფედერმანი: “ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ახლო აღმოსავლეთში დაბრუნდა, ეს “ჰამასსა” და ისრაელს შორის დაწყებული ომის შემდეგ მისი მეხუთე ვიზიტია რეგიონში. ენტონი ბლინკენი ეწვია საუდის არაბეთს და ის გაემგზავრება ასევე კატარსა და ეგვიპტეში. მისი უპირველესი მიზანი “ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაა. ამავე დროს, ვაშინგტონი ერთგული რჩება მთავარი მიზნისა, რომელიც გულისხმობს რეგიონული ომის დაწყების თავიდან აცილებას. ვაშინგტონში ერთგულნი რჩებიან ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრინციპისა, რომლის თანახმადაც, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში სრულფასოვანი პალესტინის სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს”.

ისრაელის დაბომბვის შედეგად დაშავებული პალესტინელი ბავშვები დეირ ალ ბალაჰის ჰოსპიტალში. 4 თებერვალი, 2024 წელი Copyright AP Photo/Adel Hana

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend