მთავარიამერიკააშშილონ მასკის „ტელეპათია“

ილონ მასკის „ტელეპათია“

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნის გაკეთება იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩიპი ადამიანის ტვინში.

მანქანები, რაკეტები, სოციალური მედიის გლობალური პლატფორმები, ახლა კი სამედიცინო ტექნოლოგიები – ამერიკელი გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი ტექნოლოგიური გამოგონებებით წინ მიიწევს.

ამის დასტურია ინფორმაცია, რომელიც გასულ დღეებში გახდა ცნობილი – კომპანიამ Neuralink ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩადგა.

მოწყობილობა მიზნად ისახავს ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ ტექნოლოგიით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე პირებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ.

ბრედლი გრეგერი, რომელიც ნერვული სისტემის სენსორულ ფუნქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას იკვლევს, ამბობს, რომ მხოლოდ დრო გვაჩვენებს მოწყობილობის ეფექტურობას მომავალში.

„ ამ დრომდე ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მოწყობილობა მუშაობს. მთავარია, რომ კომპანია Neuralink-მა მარეგულირებელი ორგანოდან ნებართვა მიიღო. მათ პირველი წარმატებული იმპლანტი ჩაუდგეს ადამიანს, ეს დიდი საქმეა. თუმცა თამამად საუბარი დროის გასვლის შემდეგ შეგვეძლება, მას შემდეგ, რაც მოწყობილობა კარგად გააგრძელებს მუშაობას“,- განაცხადა ბრედლი გრეგერმა.

ჩიპი ადამიანის ტვინში ბევრისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან 2023 წელს აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ ილონ მასკს ამის ლიცენზია მისცა.

როგორც Neuralink-ში ამბობენ, პირველადი კვლევებით პაციენტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მკვლევრების განცხადებით, ჯერ ბევრი რამ უცნობია.

ლორა კაბრერა, რომელიც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტვინის მეცნიერებას იკვლევს, თქვა, რომ ადამიანის ტვინისა და ციფრული ტექნოლოგიების დასაკავშირებლად Neuralink იყენებს ინოვაციურ პროცედურას, რობოტულ ქირურგიას, რომელიც ადრე არავის დაუნერგავს, ამიტომ წინასწარი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

„ტვინის ოპერაცია მარტივი არ არის , იგი რისკებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა, მოწყობილობის ჩადგმამ ადამიანის ტვინში სისხლდენა ან კრუნჩხვები გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკის კომპანია მოწყობილობის იმპლანტაციის ახალ გზას იყენებს, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლოა, იგი უსაფრთხო არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის“,- განაცხადა ლორა კაბრერამ.

თავად ილონ მასკმა ახალ მოწყობილობას „ტელეპათია“ უწოდა. მისი თქმით, ეს მოწყობილობა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფიქრით გააკონტროლონ თავიანთი ტელეფონები და კომპიუტერები. მან ასევე დასძინა, რომ პირველი მომხმარებლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იქნებიან…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend