„ევრონიუსის“ საერთაშორისო საკითხების კორესპონდენტი ვალერი გორია ესაუბრა ამომრჩეველს ნიდერლანდებში, რათა გაეგო, თუ როგორ მოახერხა უკიდურესი მემარჯვენე მიმართულების მქონე პარტიამ გამარჯვების მოპოვება 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
ნიდერლანდების უკიდურესი მემარჯვენე პარტიის „თავისუფლების პარტიის“ ხელმძღვანელმა და ანტიისლამური შეხედულებებით ცნობილმა ხერტ ვილდერსი, ხმების 23 პროცენტით გავიდა პირველ ადგილზე გასული წლის ნოემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში. ეროვნული კურსის აპოლოგეტმა ეს გამარჯვება ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე მოიპოვა.
„თვითმხილველის“ ამ ეპიზოდში „ევრონიუსის“ გუნდი ნიდერლანდების ეკონომიკურ ჰაბსა და ნიდერლანდების სიდიდით მეორე ქალაქ როტერდამში ჩავიდა, რომელშიც პოპულისტმა ლიდერმა ხერტ ვილდერსმა ბოლო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
კამერის წინ საუბარზე მოქალაქეთა უმეტესობამ უარი თქვა. ვინც დაგვთანხმდა, ამბობს, რომ ხერტ ვილდერისის ანტიისლამური მოსაზრებების მეტისმეტად სერიოზულად მიღება არ ღირს და რომ იმედი აქვთ, ის დაასრულებს ინფლაციისა და ეკონომიკის რეცესიის ციკლს.
რაშმა, მაღაზიის მფლობელი:
“ყველაფერი სულ უფრო ძვირდება. აღარაფერზე არ მიგიწვდება ხელი. მართლა ასეა. ამიტომ ხალხი შეშინებულია. თანაც გვინდა, რომ სიღარიბესა და ბიუჯეტის შემცირებაზე რაღაც სხვაც მოვისმინოთ, მუდმივი ლაპარაკის გარდა. და თუკი ეს კაცი ფიქრობს და ამბობს, რომ ამის გამოსწორება შეუძლია, მე მაწყობს“.
როტერდამში მწვავედ დგას საცხოვრებლის დეფიციტი და უძრავი ქონების გაძვირების პრობლემა. ამ ყველაფერს სოციალური სახლების ნაკლებობაც ემატება. ყოფილი მეწარმე ჯონ ვან ბრუგენი გაღარიბდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ მისი კომპანია გაკოტრდა. როდესაც სიღარიბეს თავი დააღწია, სიღატაკეში მყოფი ადამიანების დასახმარებლად შექმნა ფონდი „დაძლიე სიღარიბე“. მისი ბენეფიციარების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
“სულ უფრო მეტი დასაქმებული მოდის. ეს პრობლემა მართლა სულ უფრო რთულდება. და ყველაზე უარესი ის არის, რომ ბავშვები სკოლაში საკვების გარეშე მიდიან,“ – ამბობს ჯონი.
ჯონი კვირაში ერთხელ აწვდის საკვებსა და ძირითად საყოფაცხოვრებო ნივთებს ადგილობრივებს. ეს დახმარება ძალიან ძვირფასია კაროლინესთვის, რომელიც 4 შვილის დედაა. თავად უმუშევარი ქალი მეზობლების დახმარებას ცდილობს. კაროლინე იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ხერტ ვილდერსი სიღარიბეს შეამცირებს.
„როგორც გავიგე, იგი ბევრი რამის შეცვლას აპირებს, რადგან ქვეყანა უკვე გადაივსო. ნიდერლანდელ ხალხს ყველას დახმარება სურს, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას უნდა დაეხმარონ. ეს ქვეყანა სულ გაუბედურდა,“ – განმარტავს კაროლინე.
შეშფოთებას ის ზომებიც იწვევს, რომლებსაც ანტიიმიგრაციული, ისლამოფობიური მიდგომებითა და ევროსკეპტიციზმით ცნობილი ხერტ ვილდერსი უჭერს მხარს.
ხერტ ვილდერსს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, მოუწევს სხვა პარტიების მხარდაჭერის მოპოვება, რათა კოალიციური მთავრობა შექმნას. ამ კაცმა უნდა მოთოკოს საკუთარი შეხედულებები. მან ახლახან უარი თქვა თავის გეგმაზე, რომელიც ნიდერლანდებში მეჩეთების, ყურანის, ისლამური სკოლების, ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გულისხმობდა.
მაგრამ მუსლიმანი მოსახლეობის გულის მოსაგებად ეს საკმარისი არ არის, ამბობს როტერდამის ესალამის მეჩეთის იმამი აზედინ კარატი. ესალამი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთია.
“არჩევნების შედეგებმა, ასევე ღაზაში მიმდინარე კონფლიქტმა და უსამართლობამ, ამ ორმა ფაქტორმა უკიდურესად გაამწვავა ნიდერლანდებში მუსლიმანების მიმართ ძალადობა, დისკრიმინაცია და საზოგადოებისგან გარიყვა,“ -განმარტავს იმამი. „ჩვენ გვხვდებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შიშობენ, რომ ნიდერლანდებში აღარ დაედგომებათ. ისინი პირდაპირ ამბობენ: „ნიდერლანდებში აღარ ვგრძნობ კეთილგანწყობას და ვეძებ ისეთ ადგილს, სადაც მე და ჩემი შვილები მშვიდად და უდრტვინველად ვიცხოვრებთ“.
ავტორი: ვალერი გორია