მთავარიევროპაპოლონეთიპროტესტის ფონზე პრეზიდენტ დუდას სასახლეში ორი პოლიტიკოსი დააკავეს

პროტესტის ფონზე პრეზიდენტ დუდას სასახლეში ორი პოლიტიკოსი დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ დააკავა ორი პოლიტიკოსი, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში პრეზიდენტ ანჟეი დუდას სასახლეს აფარებდა თავს.

გასულ წელს პოლონეთის სასამართლომ ორ მოქმედ პოლიტიკოსს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ მარიუშ კამინსკისა და მის ყოფილ მოადგილე მაცეი ვონსს ბრალად ედებათ კოორდინირებული უკანონო მოქმედებები, როდესაც ისინი ცენტრალურ ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდნენ.

ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან. ალბათ სწორედ ამიტომ, მათი დაკავების დღეს, პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს ესარგებლათ პრეზიდენტ ანჟეი დუდას მოწვევით და პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ. სწორედ იქ დააკავა პოლონეთის პოლიციამ ისინი.

მარიუშ კამინსკიმ დაკავებამდე თქვა, რომ რაც პოლონეთში ხდება, სახელმწიფო კრიზისია.

„ეს არის სახელმწიფო კრიზისი – ანარქია სასამართლოებში, ღია აჯანყება უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

ახლა პოლონეთში მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, თუ რამდენად კანონიერი იყო პოლიტიკოსების დაკავება. ზოგიერთი იურისტი ამტკიცებს, რომ მათ როგორც პარლამენტის წევრებს ჰქონდათ იმუნიტეტი.

მმართველ კოალიციაში კი ამბობენ, რომ შექმნილ ქაოსზე პასუხისმგებელია ყოფილი მმართველი პარტია და რომ დამნაშავე პოლიტიკოსები ცდილობდნენ, თავი აერიდებინათ პასუხისმგებლობისთვის.

მას შემდეგ, რაც პოლიცია პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და პოლიტიკოსები დააკავა, ყოფილი მმართველი პარტიის, კანონისა და სამართლის მხარდამჭერები სასახლესთან მივიდნენ და მომხდარი გააპროტესტეს.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა პოლიციის შენობასთან. ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, შენობაში შესულიყვნენ და ამბობდნენ, რომ მათ ამის უფლებას დეპუტატის მანდატი აძლევდათ, თუმცა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მათ ვერც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძლეს პატიმრების მონახულება.

ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ანჟეი დუდას საპრეზიდენტო ვადა 2025 წელს იწურება, მასთან დაკავშირებული მემარჯვენე პოპულისტი “კანონისა და სამართლიანობის პარტია” კი ქვეყანას 8 წლის განმავლობაში მართავდა, სანამ ოპოზიციური კოალიცია დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით არ მოვიდა უმრავლესობით პარლამენტში.

დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში გაატარებდა დემოკრატიულ რეფორმებს. პრეზიდენტს კი მოუწოდა შეწყვიტოს წარმოდგენები, „რომლებიც ძალიან სახიფათო სახეს იღებს“.

მაგდალენა ხოდოვნიკი
ევრონიუსი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend