მთავარიმსოფლიოNASA-მ ახალი ლაზერული სისტემა გამოსცადა

NASA-მ ახალი ლაზერული სისტემა გამოსცადა

ნარინჯისფერი კატა, სახელად თეითერსი, კოსმოსური ვიდეოს მთავარი მოქმედი ფიგურა გახდა.

ნასას კოსმოსური ხომალდიდან 15-წამიანი ვიდეო დედამიწაზე არსებულ სადგურს 30 მილიონი კილომეტრის სიშორიდან გადაეცა. ულტრა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს კოსმოსიდან დედამიწამდე მოსვლას 2 წუთზე ნაკლები დასჭირდა. ვიდეო 267 მეგაბიტი წამში სიჩქარით გაიგზავნა.

ნასას მთავარი მიზანი ღრმა კოსმოსიდან კომუნიკაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებაა. სწორედ ამ ახალი სისტემის ილუსტრაციისთვის გამოიყენეს კატის ვიდეო.

ლაზერული კომუნიკაციის ტექნოლოგია მიზნად ისახავს, ამჟამად დამკვიდრებულ ტრადიციულ რადიოსისტემებთან შედარებით, გაგზავნილი მონაცემების მოცულობის დაახლოებით 100-ჯერ ზრდას.

სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე სატესტო ვიდეოს გადაგზავნა, ამჯერად უფრო შორი მანძილიდან.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ტექნოლოგიური მიღწევების დახვეწით მომავალში ადამიანებს სხვადასხვა პლანეტაზე მოგზაურობა გაუადვილდებათ.

ექსპერიმენტის ავტორების თქმით, კატა თეითერსი ნასას ლაბორატორიის ერთ-ერთ თანამშრომელს ეკუთვნის.

კატის ვიდეო, რომელიც წითელ ლაზერს ეთამაშება დედამიწაზე ჩაიწერა და ხომალდში ოქტომბერში ჩაიტვირთა, მანამ სანამ ის ლითონისგან შემდგარი იშვიათი ასტეროიდისკენ აიღებდა გეზს.

ვიდეო დედამიწამ 11 დეკემბერს მიიღო და ნასამ ის ამ კვირაში გაავრცელა. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, რაიან როგალინის თქმით, მიუხედავად დიდი მანძილისა, ტესტირებამ დედამიწაზე არსებული ყველაზე სწრაფი ინტერნეტის სიჩქარეს ბევრად გადააჭარბა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend