დუბაიში დაგეგმილი კლიმატის სამიტის პრეზიდენტი სულთან ალ-ჯაბერი ბრალდებების ქარცეცხლში გაეხვა. იგი ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობის გიგანტი კომპანია ,,ადნოკის’’ თავმჯდომარეა.
საზოგადოება, რომელიც გაეცნო გასაჯაროებულ დოკუმენტებს, ფიქრობს, რომ ალ-ჯაბერს ამ სამიტის მთავარი განსახილველი თემები საერთოდ არ აინტერესებს და მისი მთავარი მიზანი ქვეყნებთან მოლაპარაკება და ნავთობისა და გაზის ექსპორტის გაზრდაა.
ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი და გაეროს წარმომადგენელი მერი რობინსონი შეშფოთებას გამოხატავს და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
,,კლიმატის კონფერენციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ამ კონფერენციიდან რაც შეიძლება ბევრი კარგი იდეა და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ახლა ნამდვილად არ არის დრო იმისთვის, რომ ,,ვიღაცებმა“ თავიანთი პირადი საქმეების მოგვარება სცადონ ამ სამიტით “, -ამბობს ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი რობინსონი.
კრიტიკოსების თქმით, დრო აღარ ითმენს, ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ არაფრის მომცემი საუბარი და დაიწყონ რეალური მოქმედება.
,,მსოფლიო ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა გლობალური ტემპერატურა დასტაბილურდეს. დაიცავით ადამიანები კლიმატური ქაოსისაგან’’, –ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
თავად დუბაის კლიმატის კონფერენციის გუნდმა უარყო ყველა ბრალდება, რომლებიც სულთან ალ-ჯაბერის მიმართ გამოითქვა.
გაეროს ყოველწლიური კლიმატის კონფერენცია დუბაიში 30 ნოემბერს დაიწყება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება.
2023 წლის კლიმატის კონფერენციას 70 000 დელეგატი დაესწრება. მათ შორის იქნებიან მსოფლიო ლიდერები, მინისტრები და ოფიციალური პირები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.