იემენში ჰუსიტმა აჯანყებულებმა ისრაელთან დაკავშირებული საზღვაო ხომალდი ხელში ჩაიგდეს. 25 მეზღვაური ასევე ჰუსიტების ტყვეობაშია. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ მომხდართან საერთო არაფერი აქვთ. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ეს საზღვაო ხომალდი ბრიტანულ-იაპონურია, მაგრამ შესაბამისი მონაცემების თანახმად, ეს ხომალდი ისრაელელი მეწარმის, აბრაჰამ უნგარის, სახელს უკავშირდება.
ნასერ ქანაანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი: “ეს ბრალდება უსაფუძვლოა. ჩვენ ამ ხომალდის გატაცებასთან საერთო არაფერი გვაქვს. ეს სიონისტური რეჟიმის მიერ გამოგონილი ბრალდებაა, რომელიც ისრაელის რთულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. არაერთხელ გვითქვამს, რომ რეგიონში ბევრი გასამხედროებული ორგანიზაცია საკუთარი ინტერესებით მოქმედებს”.