თერაპევტი ძაღლები ძაღლები ჩელსი და ნიკა კიევში, საზოგადოებრივ ცენტრში ომისგან დაზარალებულ ბავშვებს ამშვიდებენ. პატარები ძაღლებს ეხუტებიან და ეთამაშებიან. ნასტია აქ დედამ მოიყვანა, თვეების იყო, როცა 2014 წელს დედასთან ერთად ლუჰანსკი დატოვა. ეს მოხდა მაშინ, როცა პრორუს სეპარატისტებსა და სამთავრობო ჯარებს შორის კონფლიქტი დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში დედა-შვილი რეგიონიდან რეგიონში გადადიოდა, საბოლოოდ კი ისინი 2019 წელს კიევში დასახლდნენ.
„ნასტიას ხშირად ეცვლება ხასიათი. ძალიან გახარებული და კმაყოფილია თერაპიით. თუმცა ვფიქრობ, მას ეს არ ჰყოფნის. ვხედავ, რომ მას სურს უფრო მეტი დრო გაატაროს ძაღლთან ერთად იმისთვის, რომ ჩაეხუტოს და ეთამაშოს. თერაპიის შემდეგ ის ძალიან კარგ ხასიათზეა”, – ამბობს სვეტლანა მატვეევა, ნასტიას დედა.
ძაღლების მწვრთნელია სვეტლანა, რომელიც ამბობს, რომ თერაპიას დადებითი გავლენა აქვს არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ ის უფროსებისთვისაც ძალიან კარგია.
„ძაღლს აქვს უნარი, რომ გაგრძნობინოს თავი კომფორტულად და დაცულად. მას შეუძლია მოგანიჭოს დადებითი ემოციები. ბავშვები ამას იღებენ, როცა მოდიან და ეთამაშებიან ძაღლს. ბავშვებმა იციან, რომ მიუხედავად იმისა სწორად გააკეთებენ ისინი რამეს თუ არასწორად, ამის გამო ძაღლები მათ არ განიკითხავენ, სწორედ ამიტომ ბავშვები სიამოვნებას იღებენ, დადებით ემოციებს და უნდათ, რომ მუდმივად აქ დაბრუნდნენ”, – ამბობს დაშა რეზნიჩენკო, ძაღლების მწვრთნელი.
ზოგი ბავშვი ტრავმირებულია ომის დროს სროლისა და სირენების საშინელი ხმებით. ზოგი იმიტომ, რომ სახლის მიტოვება მოუწია, უმეტესობა კი რამდენიმე თვეა მამას ვერ ხედავს, რადგან ბევრი მათგანი ფრონტის ხაზზე რუსული ჯარების წინააღმდეგ იბრძვის. კვირაში ერთხელ, ერთი საათით, მშობლებს შვილები მიჰყავთ საზოგადოებრივ ცენტრში, კიევში, სადაც ისინი ომისგან გამოწვეულ ტრავმებს ძაღლების დახმარებით უმკლავდებიან.
