ევროპის ქვეყნებში ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერი აქციები იმართება. მათი საერთო გზავნილი ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებაა. გერმანიის დედაქალაქში ისრაელის მხარდასაჭერად და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ათი ათასი ადამიანი გამოვიდა.
ბოლო დღეების განმავლობაში პროტესტის მასშტაბი სულ უფრო მეტად იზრდება. მათ „ჰამასის“ მებრძოლებისგან მძევლების გათავისუფლებაც მოითხოვეს.
ასევე პარიზში დაახლოებით 300-მა ადამიანმა მოუწოდა ,,ჰამასს“, გაათავისუფლონ დაკავებული მძევლები.
პარიზელმა დემონსტრანტებმა გრძელი მაგიდები გაშალეს და ათობით ცარიელი სკამი დადგეს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიმბოლოა. ამით მათ თავიანთი პოზიცია გამოხატეს.
პალესტინელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბრიუსელშიც. ორგანიზატორების ინფორმაციით, გენოციდის დასრულების მოთხოვნით გამართულ მსვლელობას 40 000 ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტებმა ცეცხლის შეწყვეტა და ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის დასრულება მოითხოვეს.
საპროტესტო აქციები იმართება ავსტრიაშიც, სადაც ღაზაში მშვიდობის დასამყარებლად რამდენიმე მსვლელობა გაიმართა. ევროპელებმა ორივე მხარეს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.