სერბეთ-კოსოვოს საზღვართან მდებარე მონასტერში შეიარაღებულ სერბებსა და კოსოვოს სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება კვირას ღამით დასრულდა.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კვირას დილით სოფელ ბანისკაში კოსოვოს პოლიციას სერბები აუჯანყდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ერთი პოლიციელი, მეორე კი დაიჭრა.
სერბები ადგილიდან გაიქცნენ და ახლოს მდებარე მონასტერს შეაფარეს თავი. ეჭვმიტანილებს კოსოვოს პოლიცია დაედევნა. რამდენიმე საათის განმავლობაში მონასტრის ტერიტორიაზე ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა.
დაპირისპირების დროს სერბების მხრიდან სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა. მოგვიანებით, პრიშტინაში პოლიციის განყოფილების წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა, მოქალაქეებს კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტიც შეუერთდა. მათ იმ კოსოვოელი ალბანელი პოლიციელის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომელიც დილით სერბებმა მოკლეს.
ალბინ კურტიმ მომხდარი ტერორისტული აქტად შეაფასა და მასში სერბეთის მთავრობას დასდო ბრალი. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა პოლიციელის მკვლელობა დაგმო, თუმცა ალბინ კურტი და მისი მთავრობა ეთნიკური სერბების დევნაში დაადანაშაულა.
როგორც ცნობილია, დაკავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც პოლიციელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.