გერმანიამ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს გადასცემენ, რომელიც მოიცავს ჯავშანმანქანებს, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და განნაღმვით სისტემებს. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ხუთი მილიარდ 400 მილიონ ევროზე მეტია.
ამასთანავე, ბერლინს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმ შორი მანძილის „ტაურუსის“ რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც კიევმა მოითხოვა. ამავდროულად, როგორც ჯოზეფ ბორელი აცხადებს, ნიუ-იორკში შეკრებილი ევროკავშირის მინისტრები კიევში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ იმსჯელებენ.
ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ მათ ისაუბრეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ იმ ვალდებულებებზე, რომლებიც უკრაინის წინაშე აკისრიათ. ამ საკითხზე მათ ტოლედოში უკვე იმსჯელეს. ჯოზეფ ბორელის თქმით, იყო რამდენიმე შეთავაზება, რომელთაც ჯერ კიდევ განიხილავენ მინისტრები. მან ასევე დასძინა, რომ ისინი ემზადებიან იმ შეხვედრისთვის, რომელიც კიევში მომდევნო კვირებში გაიმართება.
ამასთანავე, ვრცელდება დრონით გადაღებული კადრები, რომლებშიც სოფელ ანდრიივკაში შექმნილი ვითარებაა ასახული.
▪უკრაინაში ფრონტის ხაზზე გრძელდება მძიმე ბრძოლები რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის. ▪უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ გაათავისუფლეს სოფლები- ანდრიივკა და კლიშჩივკა.⬇https://t.co/0s4aYCdPBd
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) September 18, 2023
ანდრიივკა ერთ-ერთი სოფელია, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს. ამის ფონზე უკრაინულმა მხარემ კონტრშეტევის ფარგლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. როგორც თავად აცხადებენ, მათ ქალაქ ბახმუტთან ახლოს რუსების თავდაცვის ზღუდეებში შეაღწიეს. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ მათ ახლა ქალაქში შემავალი მნიშვნელოვანი რკინიგზის გადაკეტვა შეუძლიათ.