მთავარიევროპაუკრაინაენტონი ბლინკენი უკრაინაშია

ენტონი ბლინკენი უკრაინაშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ კიევში ჩავიდა. ბლინკენის ჩასვლამდე, რამდენიმე საათით ადრე რუსეთმა პირველი სარაკეტო შეტევა უკრაინის დედაქალაქზე მიიტანა.

გავრცელებული ცნობებით, ვიზიტის დროს ამერიკელი დიპლომატი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ერთად კონტრშეტევის მიმდინარეობას განიხილავს და კიდევ ერთხელ ჩაიტანს კიევში ვაშინგტონის გზავნილს: რომ ამერიკა მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

პირველ ყოვლისა, მე აქ ვიმყოფები უკრაინისადმი მუდმივი მხარდაჭერის საჩვენებლად რუსეთის ამ აგრესიასთან ბრძოლაში. ჩვენ ვნახეთ კარგი პროგრესი კონტრშეტევაში, ეს ძალიან დამაიმედებელია. გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ის, რაც სჭირდება არამხოლოდ კონტრშეტევაში წარმატების მისაღწევად, არამედ ის, რაც სჭირდება გრძელვადიანად, რათა ჰქონდეს ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რომ აღარ მოხდეს მომავალი აგრესიები. ჩვენ ასევე მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ეკონომიკის აღდგენაზე, დემოკრატიის განმტკიცებაზე. ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა უკრაინა არამხოლოდ გადარჩეს, არამედ იყოს აყვავებული მომავალში და ამ კუთხით, უკრაინას აშშის სახით ძლიერი პარტნიორი ჰყავს, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

„ ყოველთვის სასიამოვნოა ჩემი კოლეგის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სტუმრობა აქ, უკრაინაში და განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროში. როდესაც ის შემოვიდა, მითხრა, რომ მადლობელია, რომ ჩემს სახლში იმყოფება, მე კი მთელი გულწრფელობით ვუპასუხე, რომ ჩემი სახლი, მისი სახლიცაა. ვფიქრობ, ეს არის მტკიცებულება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობაა,“- თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის განმავლობაში ვაშინგტონი ოფიციალურად განაცხადებს უკრაინისთვის კიდევ ერთი დახმარების პაკეტის შესახებ. საქმე ეხება დაახლოებით 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს, რომელიც უკრაინას გადაეცემა.

ენტონი ბლინკენი კიევში ბოლოს, დაახლოებით, ერთი წლის წინ იყო. მანამდე ის უკრაინაში 2022 წლის აპრილში პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.

ახლა ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა ფრონტის ხაზზე საბრძოლო  მოქმედებების კიდევ უფრო გააქტიურებას. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” თანახმად, უკრაინის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ჯარების დიდი თავდაცვითი ბარიერები გაარღვიეს. კიდევ უფრო მეტი წინსვლისთვის კი უკრაინას დასავლეთისგან მეტი იარაღი სჭირდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend