მთავარიევროპაუკრაინა"შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა" - დიმიტრი პესკოვი

“შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა” – დიმიტრი პესკოვი

შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესახებ 2022 წელს გაეროსა და თურქეთის ძალისხმევით შედგა. ამ შეთანხმებით უკრაინამ შეძლო გემებით გაეტანა პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში განსაკუთრებით კი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მნიშვნელვნად არიან დამოკიდებულები მარცვლეულზე ამ რეგიონიდან

კრემლმა შეწყვეტილად გამოაცხადა „მარცვლეულის შეთანხმება.“ შეთანხმება, რომლის საშუალებითაც აფრიკისა და აზიის ღარიბ ქვეყნებს უკრაინული მარცვლეულით ამარაგებდნენ.

მოსკოვში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს უკრაინას და შუამავლებს: თურქეთსა და გაეროს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში რუსეთი და უკრაინა, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი განახლდებოდა.

ამ შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, ამჯერად კი ვადა 2023 წელს იწურებოდა და რუსეთმა ის შეაჩერა.

მიზეზად, შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილის შეუსრულებლობა დაასახელეს. სულ რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ თანახმა იყო ხელშეკრულება გაგრძელებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც თურქეთმა უკრაინას აზოვის პოლკის მებრძოლები გადასცა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმების გაგრძელების შესახებ დაფიქრდებოდა.

“შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა, ის შეჩერებულია,” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის სწორედ ამ სიტყვებით გახდა ცნობილი, რომ კრემლი „მარცვლეულის შეთანხმებას“ წყვეტს.

„ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის შეთანხმების მოქმედება. როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა ბოლო ვადა იყო 2023 წლის 17 ივლისი. სამწუხაროდ, შავი ზღვის ამ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, დღემდე არ არის შესრულებული. ამიტომ მისი მოქმედება წყდება. ეს არ არის დაკავშირებული ყირიმის ხიდის აფეთქებასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი მოსკოვის პირობები შესრულდება, დაუყოვნებლივ დავუბრუნდებით მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას“, – დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.

შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესახებ გასულ წელს გაეროსა და თურქეთის ძალისხმევით შედგა. სწორედ ამ შეთანხმებით უკრაინამ შეძლო გემებით გაეტანა პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში. უმეტესად  აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მნიშვნელვნად არიან დამოკიდებულები მარცვლეულზე ამ რეგიონიდან. ახლა კი მაშინ, როცა რუსეთმა შეთანხმების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდოა, რომ გაიზრდება საკვების ფასები, ისევე როგორც მსოფლიოში შიმშილის საფრთხე.

”დღეს რუსეთმა გააკეთა განცხადება შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივასთან დაკავშირებით. მოდით, გულწრფელები ვიყოთ… შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრბით ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებისთვის, რადგან სწორედ ამ შეთანხმებით იყო განსაზღვრული რომ ამ ქვეყნებს ექნებოდათ წვდომა მარცვლეულზე თავიანთი ხალხისთვის, თავიანთი მოსახლეობისთვის. სწორედ ეს არის მიზეზი, იმისა თუ რატომ ვუჭერთ მხარს ამ შეთანხმების გაგრძელებისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს“, – შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს რუსეთმა უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რადგან უამრავ პრობლემას შეუქმნის ბევრ ადამიანს მთელ მსოფლიოში. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, იმისათვის რომ უკრაინული მარცვლეული მივიდეს იმ ადამიანებამდე, რომელთაც ის სჭირდებათ. და მე უნდა დავადანაშაულო რუსეთი, სრულიად გაუმართლებელი, შიმშილის როგორც იარაღის გამოყენებაში“, – ჯოსეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

„მიუხედავად დღევანდელი განცხადებისა, მე მჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს ამ ჰუმანიტარული ხიდის შენარჩუნება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან. მე კი როგორც კი ვიზიტიდან დავბრუნდები, გავმართავ მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან. აგვისტოში კი თურქეთში ვუმასპინძლებ რუსეთის პრეზიდენტს და ამ შეხვედრის დროაც ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ რუსული სასუქისა და მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის გზის გასახსნელად“, – რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი.

რუსეთი შეთანხმების შენარჩუნებისთვის ითხოვს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების აღდგენასა და რუსული ბანკის საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას.

რუსეთ-უკრაინას შორის ამ შეთანხმებამ, ხელი შეუწყო რუსული საკვებისა და სასუქის გადაადგილებას დასავლეთის სანქციების ფონზე. ომში მყოფი ქვეყნები განვითარებადი ქვეყნებისთვის ხორბლის, ქერის, მზესუმზირის ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების გლობალური მიმწოდებლები არიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend