შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირე ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრიანისთვის კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემას ითვალისწინებს. 100-ამდე ქვეყანა, მათ შორის ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია, კონვენციის მიხედვით, კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას. თუმცა აშშ, რუსეთი და უკრაინა არ აწერენ ხელს ამ აკრძალვას.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინის დასახმარებლად კასეტური ბომბები არ უნდა გაიგზავნოს.
მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთს, უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, აქვს მტკიცე ვალდებულებაც, რომ გარკვეული იარაღი და ბომბები არ გააგზავნოს.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრაიტმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის წინააღმდეგ არაკანონიერ და აგრესიულ ომში.
ბრიტანეთიც ეწინააღმდეგება კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა რიში სუნაკმა განაცხადა. ბრიტანეთმაც მოაწერა ხელი კონვენციას, რომელიც კრძალავს ამ ტიპის შეიარარების გამოყენებას. ნატოს სამიტის წინ რიში სუნაკი ლონდინში ჯო ბაიდენს შეხვდება. სავარაუდოდ, ისინი იმსჯელებენ უკრაინისთვის ამ საბრძოლო მასალების გადაცემასთან დაკავშირებით.