ისრაელის ძალებსა და ღაზის სექტორის მებრძოლებს შორის დაძაბულობა ყოველდღიურად იზრდება. შეიარაღებულ დაპირისპირებას პალესტინის მხარეს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხარეს, როდესაც ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა ერთ-ერთ შენობას ისრაელის ქალაქ რეჰოვოტში. ეს პირველი მსხვერპლია მას შემდეგ, რაც ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. პალესტინელებიდან ათი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
“ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს ცეცხლი. ვგმობთ იმ მოქმედებებს, რომელთა დროსაც სამოქალაქო პირები იღუპებიან. სამწუხაროდ, ამის მომსწრენიც ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე მხარემ პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას,” – განაცხადა გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.
ისრაელი აცხადებს, რომ მათ მოკლეს ორი პალესტინელი მეთაური: ალი გალი და აჰმედ აბუ დაქა, რომლებიც პალესტინის ისლამური ჯიჰადის შეიარაღებული ფრთის ლიდერები იყვნენ. ასევე, მათ დახოცეს „ალ-კუდსის“ ბრიგადის წევრები და სხვა სამხედროები. ეგვიპტის შუამავლობის მიუხედავად, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობს, მხარეებს შორის შეტაკებები ხუთშაბათს ღამითაც გაგრძელდა.