სუდანის დედაქალაქ ხარტუმში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. ქალაქში, რომელიც კვამლშია გახვეული, მუდმივად ისმის სროლის ხმა. გაეროს ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები დათანხმდნენ, საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე თავიანთი წარმომადგენლები გაგზავნონ. ამ შეთანხმებას მათ ხარტუმში შეტაკებების გაძლიერების ფონზე მიაღწიეს.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობამ სუდანში დაწესებული დროებითი შეზღუდვა გააუქმა, რადგან საბრძოლო მოქმედებებმა მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა. მოსალოდნელია, რომ მოქალაქეებს კვლავ დაურიგებენ საკვებს, თუმცა მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ მიწოდება.
კრიზისის გამწვავების ფონზე, დახმარების მიზნით გაერო თავის წარმომადგენელს აგზავნის. ქვეყანაში მოსალოდნელია ჰუმანიტარული კატასტროფა, რადგან ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ საბრძოლო მოქმედებებისგან თავის დაღწევას, უკვე ელევათ საკვები და სასმელი წყალი.
უცხო ქვეყნების ათასობით მოქალაქე უკვე გაიყვანეს სუდანიდან. ამავდროულად, ათიათასობით სუდანელი მეზობელ ქვეყნებში გადადის. გაეროში აცხადებენ, რომ მათი შესაბამისი სამსახურები ელიან 800 000-ამდე დევნილს. უსაფრთხოების მიზნით სუდანიდან გაქცევა ბევრ ადამიანს სურს.