უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის მიერ ქალაქ კოსტიანტინივკაში საცხოვრებელ რაიონზე განხორციელებული თავდასხმები. პრეზიდენტის ინფორმაციით, მიმდებარე არეალის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი.
უკრაინის პოლიცია ავრცელებს სარაკეტო თავდასხმების ამსახველ ვიდეოკადრებს, რომლებშიც მიწაზე დაყრილი ცხედრები და რამდენიმე დაზიანებული შენობა ჩანს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსმა ტერორისტებმა იერიში მიიტანეს დონეცკის რეგიონში ქალაქ კოსტიანტინივკაზე. მისი თქმით, მათი სამიზნე საცხოვრებელი რაიონები იყო. თავდასხმის დროს დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი და 3 მამაკაცი. ისინი დონბასის რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავისი ქვედანაყოფების საბრძოლო კადრებს ავრცელებს. ამავდროულად, რუსული ტელეგრამარხის ინფორმაციით, რუსულ არმიაში ალკოჰოლთან დაკავშირებული ინციდენტებისა და დანაშაულების უპრეცედენტო რაოდენობა გამოვლინდა. ასევე ხშირია რუსი ჯარისკაცების სიკვდილის შემთხვევები.
რუსეთი კი კვლავ ცდილობს ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევას. ისევ გრძელდება უკვე მოძველებული და ე.წ. სანგრების ომი. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი მეთაური ამბობს, როდესაც ფრონტის ხაზზე შედარებით სიმშვიდეა, ისინი თხრიან სანგრებს, რადგან ფიქრობენ, რომ სანგარი რაც უფრო ღრმაა, გადარჩენის შანსიც უფრო მაღალია.