სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა გამოხმაურება.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება, სამაგიეროდ ბრძანება კანონთან თანხვედრაშია მსოფლიოს 130 სხვა სახელმწიფოში.
„ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საერთო ვითარებას ძირფესვიანად ცვლის, რუსეთში აცხადებენ, რომ მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავების ეს ორდერი არაფერს ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ ეს ორდერი კანონიერია მსოფლიოს 130 სხვა სახელმწიფოში, იმ შემთხვევაში თუ ვლადიმერ პუტინი რომელიმე ამ სახელმწიფოში ჩავა მას დააპატიმრებენ”, – აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ორდერი სამართლიანად არის გაცემული.
ჟურნალისტი: რას ფიქრობთ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების შესახებ გაცემული ორდერის თაობაზე?
ჯო ბაიდენი: ვფიქრობ ეს სამართლიანია, ამ ორდერს ბევრი სახელმწიფო არ აღიარებს მათ შორის ჩვენც მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანია მოვლენაა
ჟურნალისტი: პუტინი უნდა გასამართლდეს?
ჯო ბაიდენი: პუტინს სამხედრო დანაშაული აქვს ჩადენილი
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმაც.
„კანონზე მაღლა არავინ დგას, ეს გასათვალისწინებელი პრინციპია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია“, – აცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი.
სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს კი მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით უკრაინაში მიმდინარე ომი გახანგრძლივდება.
„სამართლებრივი დეტალების განხილვის გარეშე მსურს განვაცხადო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით უკრაინაში ომი გახანგრძლივდება. სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ვის უნდა ესაუბროთ? თუ საუბარს არ ვაპირებთ და რუსული მხარის დამარცხებას ველით? როდის დამარცხდება რუსეთი? რამდენ წელიწადში?, – ამბობს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს პროკურორისა და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.