სირიის პრეზიდენტი თანახმაა, გაიხსნას ორი ახალი გადასასვლელი თურქეთიდან მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, რათა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მილიონობით ადამიანს საჭირო დახმარება მიაწოდონ. აქამდე გაერო სარგებლობდა მხოლოდ ერთი გასასვლელით, რომელიც იდლიბის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 37 000-ს გადასცდა, მონაცემები ყოველდღიურად იზრდება.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გადარჩენილებისთვის საკვების, მედიკამენტებისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთების მიწოდებაა.
სამწუხაროდ, საზოგადოებას უკვე იმედიც ეწურება, რომ ნანგრევებიდან გადარჩენილებს ამოიყვანენ. ჰუსეინ ბერბერი, რომელიც ნანგრევებიდან 183 საათის შემდეგ ამოიყვანეს, შესაძლოა ბოლო ადამიანი იყოს, რომელიც გადარჩა. სამაშველო ოპერაციის ფაზაც დასასრულს უახლოვდება.
ახლა მთავარი გადარჩენილებზე ზრუნვაა. უამრავი ბავშვის ცხოვრება თავდაყირა დადგა. ათასობით მათგანმა მშობლები და ახლობლები დაკარგა და ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. ვითარებას ცივი ზამთარიც ართულებს.