კიდევ ერთი ცივი ღამე, მტვერი და ხმაური თურქეთში. მოსახლეობა ნელ-ნელა იმედს კარგავს, რომ გადარჩენილებს კიდევ იპოვიან. ერთ-ერთ ქალაქში ტელევიზიის თანამშრომლები თერმოკამერებით ცდილობენ, ნანგრევებში სიცოცხლის ნიშანწყალი აღმოაჩინონ. თუმცა უფრო ხშირად გარდაცვლილებს პოულობენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორივე ქვეყანაში 33 000-ს გადასცდა. მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.
ადგილზე უკვე მძიმე ტექნიკაც შეჰყავთ, რაც იმის ნიშანია, რომ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის იმედი აღარ აქვთ.
მძიმე ვითარებაა ქალაქ ჰათაიშიც, რომელიც მიწისძვრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მიწისძვრის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმოდა, ახლა კი სიჩუმეა. მისი აზრით, ყველა დაიღუპა.
სირიაშიც იწურება მარაგები. გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სათანადოდ ვერ ეხმარებიან მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ სირიის მოსახლეობას. მათი თქმით, ისინი სამართლიანად გრძნობენ თავს მიტოვებულად.
ჯაბლის სამოქალაქო თავდაცვის უფროსი ალაა მუბარაკი ამბობს, რომ სამოქალაქო თავდაცვის ძალებს ბოლო 12 ან 13 წლის განმავლობაში არ მიუღიათ ახალი ტექნიკა, არც ფარნები. შესაბამისი აღჭურვილობა რომ ჰქონოდათ, ისინი ასობით მოქალაქეს გადაარჩენდნენ.
გაეროს მიერ გაგზავნილი დახმარების ნაწილი უკვე ადგილზეა. ასევე სირიაში შიიტთა მოძრაობამ ლიბანიდან გააგზავნა 23 სატვირთო მანქანა, რომლებსაც საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდათ. როგორც ცნობილია, პროვინცია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძირითადი დასაყრდენია.