გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია არ შეეწინააღმდეგება პოლონეთს, გადასცეს უკრაინას ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკებს.
ანალენა ბერბოკმა ამის შესახებ ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
ვარშავა ჯავშანმანქანების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე მწვანე შუქს ბერლინიდან ელოდა, თუმცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრსაც დახმარების გადადება არ სურს.
ტვიტერზე მატეუშ მორავეცკიმ დაწერა, რომ თუკი გერმანელები არ მისცემენ ლეოპარდების გადაცემის ნებართვას მაშინ ისინი შექმნიან ქვეყნების მცირე კოალიციას, რომელიც უკრაინელებს თანამედროვე ტანკებს გადასცემს.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის მთავარი ფოკუსი თავდაცვას ეხება. მისი თქმით – “ეს კვირა იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების კვირა და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკვე მზადაა”.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე, ახსენა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტი და განაცხადა, რომ ეს ვიზიტი სიმბოლურია, რადგან ჯონსონი ქვეყანაში უკრაინის ერთიანობის დღეს ჩავიდა. წინა დღეს ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქის მედლით დააჯილდოვეს.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებში შეტევითი ოპერაციების შედეგად, კიდევ უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს.
პარასკევს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სოფელი კლიშჩივკა დაიკავა, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან 9 კილომეტრში მდებარეობს.
ამ ინფორმაციას უკრაინის ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.
თუმცა ამბობენ, რომ რუსული ძალები ბახმუტის შემოგარენში იმყოფებიან.