უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აღმოსავლეთის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან მიმდინარე ომში პრიორიტეტული საკითხი სოლედარისთვის, ბახმუტისა და ზოგადად დონეცკის რეგიონისთვის ბრძოლა და ამ ქალაქების შენარჩუნებაა.
უკრაინის ხელისუფლებამ დეტალურად გააანალიზა, რა გადაწყვეტილებებია საჭირო, რა უნდა გააძლიერონ და რა ნაბიჯები უნდა გადადგან მეთაურებმა უახლოეს დღეებში.
მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს ჯარებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები და უკრაინის პარტნიორებთან შესაბამისი თანამშრომლობა.
ხუთშაბათს 200-ამდე უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც წვრთნები უნდა გაიარონ ესპანეთში, მადრიდის ტორეხონის ავიაბაზაზე ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი დახვდა. სამხედროების უმეტესობა სამოქალაქო პირია. მათ არ აქვთ სამხედრო გამოცდილება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გუშინ გაავრცელა კადრები, რომლების ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ოლეგ სალიუკოვი ბელარუსში იმყოფება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ სალიუკოვი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ბელარუსში, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილების მეთაურებისგან მიმდინარე საბრძოლო კოორდინაციის შესახებ მოხსენებები მოისმინა.