რუსული სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“, დაფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ქალაქ სოლედარს სრულად აკონტროლებენ.
ინფორმაციას არ ადასტურებენ ოფიციალური უკრაინული წყაროები. უკრაინელთა განცხადებით, სოლედარში მძიმე ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება და მიუხედავად ოკუპანტების დიდი დანაკარაგისა, მტერი მაინც აგრძელებს შეტევებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 10 იანვარს რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიბომბა ფეიერვერკების ქარხანა ქალაქ ხარკივში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოს კონსტიტუციისა და უკრაინის უშიშროების სამსახურისა და სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოართვას მოქალაქეობა ოთხ პრორუსს: ანდრეი დერკაჩს, ტარას კოზაკს, რენატ კუზმინსა და ვიქტორ მედვედჩუკს.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ, თუ სახალხო დეპუტატები უკრაინაში ჩამოსულ მკვლელებთან ითანამშრომლებენ და არა უკრაინელ ხალხთან, მათი პასუხიც შესაბამისი იქნება.
დაახლოებით 100 უკრაინელი ჯარისკაცი ოკლაჰომაში, ფორტ-სილში, გაემგზავრება. ისინი „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებას შეისწავლიან.
პენტაგონის სპიკერი პეტ რაიდერი ადასტურებს, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნა, რომელიც „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებას უკავშირდება, მომავალ კვირას ფორტ-სილში დაიწყება. მისი თქმით, წვრთნების ფარგლებში 90-იდან 100-ამდე უკრაინელი ჯარისკაცი ისწავლის, როგორ გამოიყენოს და შეინახოს თავდაცვითი სისტემები. პეტ რაიდერი აღნიშნავს, რომ წვრთნების კურსი რამდენიმე თვე გაგრძელდება.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კადრები, რომლებშიც ჩანს ნორვეგიის ზღვაში მიმდინარე საზღვაო წვრთნები. წვრთნებში ჩართულია ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“, რომელიც „ცირკონის“ ზებგერითი რაკეტებით არის აღჭურვილი.