რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, დაიცვან ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც 36 საათით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. გადაწყვეტილება შობის დღესასწაულს უკავშირდება.
ვლადიმერ პუტინი უკრაინული მხარისგანაც ელოდა თანხმობას, თუმცა კიევმა უარყო რუსეთის შეთავაზება. ვოლოდიმირ ზელენსკის საეჭვოდ მიაჩნია რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება.
შეთავაზებას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ არსებობს აგრესორი და ეს კრემლია. მსხვერპლი კი უკრაინელი ხალხია. მისი აზრით, მშვიდობის დასამყარებლად მხოლოდ ერთი გამოსავალია, რუსეთმა უკრაინიდან უნდა გაიყვანოს რუსი სამხედროები.
გერმანია და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მანქანებს გააგზავნიან.
როგორც გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა, რომ უკრაინას გადასცენ ქვეითთა საბრძოლო მანქანები და დამატებით საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
ბოლო ინფორმაციით, შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინას გაუგზავნიან „ბრედლისა“ და „მარდერის“ ტიპის საბრძოლო მანქანებსა და „პატრიოტის“ თავდაცვის სისტემებს.