მსოფლიოს ტექნოლოგიების ყველაზე დიდი ბაზრობა – სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ (CES) ლას-ვეგასში ბრუნდება.
ადრე ბაზრობაზე მხოლოდ სამომხმარებლო ელექტრონიკა იყო წარმოდგენილი, თუმცა ახლა კი ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სამომხმარებლო პროდუქტების გამოფენა. ორგანიზატორების განცხადებით, წელს ყურადღება გამახვილებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას, დაეხმაროს მსოფლიოს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის სუფთა ჰაერისა და წყლის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის დაცვაში
„მჯერა, რომ ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც მიზანი გააჩნია და სასიკეთოდ და ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება, უმნიშვნელოვანესია. თქვენ უბრალოდ უნდა ნახოთ ყველა ის ტექნოლოგიური ინოვაცია, რომლებიც ჯანდაცვის სისტემას ეხმარება,” – განაცხადა სამომხმარებლო ტექნოლოგიების ასოციაციის კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა სტივ კენიგმა.
ჯანდაცვის სექტორში უამრავი ახალი მოწყობილობაა, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. მათ შორისაა პატარა ზომის ვირუსის დეტექტორი.
„ეს არის ViraWarn, მსოფლიოში პირველი ხელსაწყო, COVID-19-ის, არ-ეს ვის და გრიპის სუნთქვის ანალიზატორი, რომელიც შედეგს 60 წამში იძლევა. მოწყობილობაში ორჯერ ჩაბერვის შედეგად პაციენტი იღებს პასუხს. წითელი შუქი დადებითი პასუხის მაჩვენებელია, მწვანე კი უარყოფითის”, – ამბობს Opteev Technologies-ის ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი, დანა გარდნერი.
ბაზრობაზე წარმოდგენილია ეგზოჩონჩხი, რომლის საშუალებითაც ქარხნებისა თუ ჯანდაცვის მუშაკებს შეუძლიათ სკამის გარეშე დასხდნენ.
”ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია”, – ამბობს Archelis-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰიდეიუკი ფუძისავა.
მეტასამყარო – კიდევ ერთი საინტერესო თემაა ბაზრობაზე, სადაც სხვადასხვა კომპანიის უახლესი გამოგონება და სერვისები ვირტუალურ რეალობაშია წარმოდგენილი.
ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილია ნიღბები, რომლებიც მხოლოდ COVID-თან არ არის დაკავშირებული. მაგალითად, არსებობს სიტყვის კონფიდენციალურობის ნიღაბი.
„შეგიძლიათ საკუთარი ხმის ვაკუუმი შექმნათ, რომ თქვენი ხმა არ ისმოდეს. ამით სხვებს არ შეაწუხებთ. ამ ნიღბის წყალობით თქვენს პირად საუბარს გარშემომყოფები ვერ გაიგებენ“, – ამბობს Skyted-ის დამფუძნებელი სტეფან ჰერსენი.
ლას-ვეგასის ბაზრობაზე კიდევ უამრავი უცნაური და საინტერესო გამოგონებაა წარმოდგენილი – მაგალითად, ჭკვიანი გოლფი, ჭკვიანი კრივის ტომარა თუ ელექტროგორგოლაჭიანი ფეხსაცმელები.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ბაზრობა ისეთივე იქნება, როგორიც ის პანდემიამდე იყო.
წელს დაახლოებით 100,000 ადამიანს ელიან. ისინი უახლეს გომოგონებებსა და სხვადასხვა მოწყობილობას გამოცდიან.