მთავარიმსოფლიოევროპაევრონიუსი 30 წლისაა

ევრონიუსი 30 წლისაა

ევროპული იდენტობის შექმნა მხოლოდ კონვენციების, საზღვრებისა და ვალუტის საკითხი არ არის.
ევროპულ იდენტობაში მთავარი ადამიანებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთგაგებაა. ევრონიუსის იდეაც სწორედ ეს იყო, როდესაც 30 წლის წინ არხი პირველად გავიდა ეთერში. ხუთი ენა, მაგრამ საერთო მიზანი: რომ არხი წარმოადგენდეს ევროპის ერთიან ხმას.

“იმ დროს საერთაშორისო ახალ ამბებში ამერიკის შეერთებულ შტატებს, CNN-ს, მონოპოლია ჰქონდა. ევრონიუსი იყო ინიციატივა, რომელსაც ორი მთავარი მიზანი ჰქონდა: პირველი, დაესრულებინა ეს მონოპოლია და, მეორე, დახმარებოდა ევროპელებს, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი”, — ამბობს ევრონიუსის ჟურნალისტი ბეატრის ბეირასი.

დღეს ევრონიუსი 160-მდე ქვეყანაში გადაიცემა და მისი მაყურებელთა რაოდენობა ათეულობით მილიონს აღწევს. თუმცა 30 წლის წინ, არხის ჩამოყალიბება და გამართვა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.

“გვითხრეს, რომ ორი თვე გვქონდა ტელევიზიის მოსაწყობად. ბოლო წუთამდე იატაკზე კაბელები ეყარა, არაფერი იყო მზად. ტექნიკოსებიც ახალგაზრდები იყვნენ. ძილის დროც კი არ გვქონდა. მაშინ ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ”, — აცხადებს ევრონიუსის ფრანგული რედაქციის ხელმძღვანელი იზაბელ მარტინი.

მაგრამ ამ სირთულეებმა ჟურნალისტები ვერ გატეხა, არამედ, უფრო დააახლოვა.

“გვეამაყებოდა რასაც ვაკეთებდით, რადგან ვგრძნობდით რომ ვაშენებდით.. ვაშენებდით ახალ მედიას ევროპაში. ძალიან სასიამოვნო იყო ნიუსრუმში შესვლა და ინგლისური, ესპანური, ფრანგული, იტალიური და გერმანული საუბრის მოსმენა”, — იხსენებს ჟურნალისტი ავრორა ველესი.

“ეს იყო ცოცხალი მტკიცებულება იმისა, როგორ აშენებენ განსხვავებული ერები ევროპას ერთად. და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი”, — ამბობს ჟურნალისტი ქრისტიან ბუდარელი.

როგორც ჰყვებიან, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო, ყველა მასალა ფირზე იყო ჩაწერილი. ახლა ყველაფერი ციფრულია, თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა.

“ჩვენი მიზანია იმაზე ვისაუბროთ, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბროთ გულწრფელად, პროფესიონალურად და მიკერძოების გარეშე. აი ეს, არ შეცვლილა”, — ამბობს ევრონიუსის ჟურნალისტი ბეატრის ბეირასი.

ახლა კი, 30 წლის შემდეგ, ევრონიუსს უკვე 400-ზე მეტი ჟურნალისტი ჰყავს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, რათა ყველგან ისმოდეს ევროპის ხმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend