მთავარიევროპაუკრაინაკიევში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

კიევში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

დღეს დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ხელისუფლება  მოქალაქეებს მოუწოდებს, თავშესაფრებში გადავიდნენ.

ფრონტის ხაზებზე კი სასტიკი ბრძოლები გრძელდება, თუმცა, როგორც ამერიკაში დაფუძნებულ ომის კვლევების ინსტიტუტში ამბობენ, საოკუპაციო ძალები ვერცერთი მიმართულებით ვერ მიიწევენ წინ.

უკრაინისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა კი გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრს სებასტიან ლეკორნიუს კიევში შეხვდა. ვიზიტის მიზანი საფრანგეთის მხრიდან სამხედრო დახმარების გაზრდაა. დახმარება ითვალისწინებს საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემას რუსული სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად, ასევე ფრანგულ სამხედრო აღჭურვილობასა და 200 მილიონ ევროს.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  მათ განიხილეს ურთიერთთანამშრომლობისა და უკრაინის აღდგენის საკითხები. მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მხრივ. უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის საფრანგეთს.

ოთხშაბათს უკრაინელმა სამხედროებმა ჟურნალისტებს მცირე ექსკურსია მოუწყვეს აღმოსავლეთის ფრონტზე. მათ ჟურნალისტებს ანახეს ერთ-ერთი ფრანგული 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცა, რომელსაც უკრაინელები ბრძოლის დროს იყენებენ.

საარტილერიო ტიპის იარაღი ჰაუბიცა მაღალი სიჩქარით გამოირჩევა. უკრაინელებს მარტივად შეუძლიათ შეცვალონ როგორც პოზიციები, ისე სამიზნეები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოთმინება და მონდომებაა ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც მათ უკრაინაში მიზნის მიღწევაში დაეხმარება. რუსული სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების განახლებისთვის კიევმა უნდა აღიაროს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ გადიან რუსი და ბელარუსი სამხედროები ერთობლივ წვრთნას საბრძოლო კოორდინაციის აქტივობების ფარგლებში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend