სახლში დაბანაკებული მოხალისეები ჯგუფის სახელად „თანამემამულე ქალები“ ფრონტის ხაზებზე მებრძოლ ქალებს საჭირო ნივთებით ამარაგებენ.
მოძრაობა 26 წლის იალტელმა ჟურნალისტმა, ქსენია დრაჰანიუკმა ომის პირველივე დღეებში ჩამოაყალიბა და მისი მიზანი სწორედ ის არის, რომ ფრონტის ხაზზე მებრძოლი ქალები სათანადოდ აღჭურვილნი და კიდევ უფრო ძლიერნი იყონ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქსენია დრაჰანიუკი ამბობს:
„ჩვენი არმია არ იყო მზად იმისთვის, რომ ამდენი ქალი ჩაერთვებოდა ომში. შესაბამისად, არ ჰქონდათ განსაზღვრული, რომ მათ დასჭირდებოდათ გაცილებთ მეტი მცირე ზომის უნიფორმა, პატარა ფეხსაცმელი… ასეთი პრობლემების მოგვარებაზე ახლა მოხალისეები ზრუნავენ და ეს ნორმალურია. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთი დიდი გუნდი. ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებული საჭიროებები აქვთ. თუ კაცი სიცივეში საპირფარეშოში წავა, მას არაფერი მოუვა, ქალს კი ცისტიტი დაემართება. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს პირობები რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს”.
ქსენია დრაჰანიუკის მიერ შექმნილი ორგანიზაცია ფრონტის ხაზებზე ქალთა მომარაგების გარდა, თავადაც აწარმოებს სამხედრო ფორმებს ქალებისთვის. თავდაპირველად, მათ შეკვეთა სხვა საწარმოებს მისცეს. შემდეგ კი უკვე თავად დაიწყეს წარმოება ხარკივის ერთ-ერთ სამკერვალოში. მოხალისეები აპირებენ, რომ კიდევ ერთი საწარმო დაამატონ კიევში, რათა ფრონტის ხაზზე ქალები უკეთ მოამარაგონ. არამხოლოდ ფორმებით, არამედ მედიკამენტებით, ჰიგიენის ნივთებითა და ტყვიაგაუმტარი ფარებით, იმისთვის, რომ უკეთ დაიცვან სამშობლო, სიტყვის თავისუფლება და თანამემამულე ქალთა უფლებები.
დღეს ათასობით უკრაინელი ქალია ფრონტის ხაზზე. ისინი მუშაობენ მედიკოსებად, დაზვერვის ოფიცრებად, სნაიპერებად, არტილერიის მსროლელებად.
იბრძვიან პუტინის მიერ წამოწყებულ ომში, რომელზეც დამოკიდებულია ისიც, თუ რა მდგომარეობაში მოუწევთ უკრაინელ ქალებს ცხოვრება მომავალში.