დღეს, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამის თაობაზე განკარგულებას უკვე მოეწერა ხელი.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედრო სამსახურში გაწვევას ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან, მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში, აქვთ რომელიმე სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ. ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ლუჰანკსში, დონეცკსა და ხერსონში 23-27 სექტემბერს დანიშნულ რეფერენდუმს, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ.
„მიმაჩნია რომ აუცილებელია მივიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმ საფრთხეების ადეკვატურია, რაც ახლა ჩვენ წინაშეა. ჩვენი სამშობლოს დაცვისათვის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოების და ასევე იმათი უსაფრთხოებისათვის, ვინც გათავისუფლებულ ტერიტორიებზეა, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მხარი დავუჭირო თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის წინადადებას რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის თაობაზე. ვიმეორებ, საუბარია ნაწილობრივ მობილიზაციაზე. სამხედრო სამსახური მოუწევთ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროს რეზერვში იმყოფებიან და უპირველეს ყოვლისა მათ, ვინც შეიარაღებული ძალების, სამხედრო სამსახურში ყოფნის გამოცდილება აქვთ. მობილიზაციის პროცედურები დაიწყება დღეს, 21 სექტემბერს“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას.
ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა გუშინ, 20 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიდო. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანიშნულ რეფრენდუმს არალეგიტიმურს უწოდებენ მსოფლიო ლიდერები.