მთავარიევროპაუკრაინა„უკან იხევენ, ტოვებენ ტექნიკას და იარაღს, თუმცა ძარცვავენ მოსახლეობას“ - უკრაინაში მებრძოლი...

„უკან იხევენ, ტოვებენ ტექნიკას და იარაღს, თუმცა ძარცვავენ მოსახლეობას“ – უკრაინაში მებრძოლი ნიკა ჭურაძე

ზაპოროჟიისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე იბრძვის ქართული ლეგიონის ერთ-ერთი დანაყოფი. ნიკა ჭურაძე, რომელიც 7 თვეა ომშია ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. მისი თქმით, ამ წარმატებაში გარდამტეხი როლი დასავლეთის დახმარებამ და ამერიკულმა შეიარაღებამ ითამაშა.

„ამ შეიარაღებამ განაპირობა ის, რომ რუსებს ჩამოეშალათ მთლიანი ლოჯისტიკა. ვერ ახერხებენ საწვავის, საკვების, სამოსის მიწოდებას. იხევენ უკან. ტოვებენ ტექნიკას და იარაღს, თუმცა ძარცვავენ მოსახლეობას. სამხედრო მანქანებით მიაქვთ საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთები, კარადები, ხელსაბანები. ასეთ ფაქტებს ალბათ სხვაგან ვერსად ნახავთ“ – ამბობს ნიკა ჭურაძე „ევრონიუს ჯორჯიასთან“.

ქართული ლეგიონის წევრი ფიქრობს, რომ რუსული არმიის რესურსი და ბრძოლისუნარიანობა არ შეესაბამება იმ წარმოდგენებს, რაც უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსული ჯარის შესახებ არსებობდა.

„ამ დრომდე რუსული არმია მსოფლიოს რიგით მეორე არმიად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ლეგენდა ყოფილა. ჩვენ ვუყურებთ, როგორ იმსხვრევა ეს მითები. ჩვენ ვნახეთ ისინი გაქცეულები, შეშინებულები. ერთადერთი, რაშიც მათ ბადალი არ ჰყავს, ეს არის ბოროტების კეთება. მათ შეუძლიათ დაბომბონ მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები… მათ მხოლოდ ომის ვერაგი ხერხები იციან. გავიხსენოთ საქართველოს მაგალითი. როგორ ბომბავდნენ 2008 წელს მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის მათი ხელწერა“ – ამბობს ქართველი მებრძოლი.

ნიკა ჭურაძე დარწმუნებულია, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული საქართველოს მომავალზეც აისახება.

„ჩვენ სწორ მხარეს ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. ახლა უკრაინელების თავისუფლებით წყდება ჩვენი თავისუფლების ბედიც. ისტორიულადაც ასე იყო – ერთად ვიბრძოდით. ბევრჯერ დაგვხმარებიან ისინი და ახლა თითქოს ამ ვალს ვაბრუნებთ. ვიბრძვით თავისუფლებისთვის საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად. როცა აქ თავისუფლება გაიმარჯვებს, თავისუფლება იქნება ჩვენს სახლშიც – საქართველოშიც“ – ამბობს ქართული ლეგიონის წევრი, 32 წლის ნიკა ჭურაძე.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend