საფრანგეთის პატარა სოფლის ლე მას-დ’აჟენეს ერთ-ერთი ეკლესია დიდ ინტერესს იწვევს. სწორედ აქ ინახება ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტის ნახატი „ქრისტეს ჯვარცმა“, რომელიც რამდენიმე ათეულ მილიონ ევროდაა შეფასებული.
ლე მას დ’აჟენეს საბჭოს წევრი არნო პეტი ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნახატს პატარა ქალაქისთვის, სადაც სულ 1500 მოსახლეა. ნახატი თავდაპირველად ნაპოლეონის ჯარის ერთ-ერთმა ოფიცერმა 1804 წელს ჩამოიტანა. ერთი წლის შემდეგ კი ამ ეკლესიას გადასცა, რადგან თავად ამ ქალაქში იყო დაბადებული.
ნახატი უსაფრთხოებისა და სხვა ნორმების დაცვის გარეშე თითქმის 200 წელი იყო გამოფენილი. მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს შესაბამისი ზომების მიღება.
ნახატი ახლა მინის საცავშია მოთავსებული. დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები და დაცვის სისტემა. აკვირდებიან ტემპერატურას და ტენიანობასაც.
1959 წელს ნახატზე რემბრანდტის ხელმოწერა და შექმნის თარიღი აღმოაჩინეს. მკვლევრებმა სწორედ ამის შემდეგ აღიარეს, რომ ნახატი რემბრანდტს ეკუთვნის.