კომპანია „გუგლი“ ევროპელ მომხმარებლებს ანგარიშის შექმნისას აიძულებს, მონაცემების შეგროვების პირობებს დაეთანხმონ.
ეს არის ევროპელ მომხმარებელთა ასოციაციის განცხადება, რომელიც ამერიკული კომპანიის შესახებ გამოქვეყნდა. მონაცემთა დაცვის ევროპული კანონის მიხედვით, კომპანიებმა მომხმარებლებს, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მარტივი და დაცული გზა უნდა შესთავაზონ, რასაც გუგლი არ აკეთებს.
ევროპელ მომხმარებელთა ასოციაციის წევრი დეივიდ მარტინი ამბობს, რომ მომხმარებლებს ძირითადად ეძლევათ 2 ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, მონაცემთა პერსონალიზაციისთვის ერთი საფეხურის გავლაა საჭირო, მეორე გზა კი, რომელიც ხუთი საფეხურისგან შედგება, მონაცემების ხელით შევსებას გულისხმობს. მომხმარებელს, როგორც წესი, ურჩევნია, ეს პროცესები რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს. მათ ძირითადად გარკვეული მოწყობილობისა თუ სერვისის გამოყენება სურთ და ერთი საფეხურის გავლას ირჩევენ. პირობებზე დათანხმებით კი ისინი „გუგლს“ აძლევენ იმის უფლებას, რომ დააკვირდეს ყველაფერს, რასაც მომხმარებლები გუგლის სერვისებსა და გუგლის საიტებზე იყენებენ.
ერთმანეთთან თანამშრომლობით, ევროპულ მომხმარებელთა ათმა ასოციაციამ საჩივარი წარადგინა კომპანია „გუგლის“ წინააღმდეგ. მათი განცხადებით, „გუგლი“ იყენებს ენას, რომელიც გაურკვეველი, არასრული და შეცდომაში შემყვანია. საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიის მიზანი საკუთარი ბიზნესის გაზრდაა, ამისთვის კი მათ მოქალაქეებისგან მონაცემების შეგროვება სჭირდებათ.
დეივიდ მარტინი ამბობს რომ „გუგლის“ ბიზნესმოდელი ეყრდნობა ამ მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებას. მისი თქმით, კომპანია აგროვებს პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა მიზნისთვის, კერძოდ კი, რეკლამისთვის, რომელიც კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
ახლა კი საკითხში გარკვევა ირლანდიის მონაცემთა დაცვის ორგანოს მოუწევს. ეს კომპანია ევროპაშია დაფუძნებული. ჯერჯერობით კონფიდენციალურობის დარღვევის გამო „გუგლმა“ უკვე არაერთი ჯარიმა გადაიხადა. 2019 წელს კომპანია 50 მილიონი ევროთი, ხოლო 2022 წლის დასაწყისში 150 მილიონი ევროს ოდენობით დაჯარიმდა.