რუსი სამხედროები ლუჰანსკის რეგიონის დაახლოებით 95 პროცენტს აკონტროლებენ და მომავალ რამდენიმე დღეში ქალაქ სევეროდონეცკს დიდი ალბათობით აიღებენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დონბასში სამხედრო მოქმედებები კულმინაციას აღწევს, რუსი ჯარისკაცების წინსვლა კი დროებითია და სტრატეგიული თვალსაზრისით ბევრი არაფრის მომტანი.
დონბასში რუსულ არმიას სერიოზული დანაკარგები აქვს, კრემლს კი სარეზერვო ძალების თავმოყრა და მათი ლოგისტიკური უზრუნველყოფა უჭირს.
უკრაინელი სამხედროები ქალაქ სევეროდონეცკს ჯერჯერობით აკონტროლებენ, მაგრამ ქალაქი რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლის და სხვა უკრაინული ქალაქების მსგავსად უმოწყალოდ იბომბება.
მშვიდობიანი მოსახლეობა საშინელი წნეხის ქვეშ იმყოფება, მათ ბნელ სარდაფებში უწევთ რუსული ჭურვებისგან დამალვა, არ აქვთ ელექტროენერგია, მედიკამენტები, სასმელი წყალი, საკვები.
კონტრშეტევის მოლოდინში სამხრეთის ფრონტის ხაზზე ოკუპანტები მათ მიერ დაკავებულ უკრაინულ მიწაზე თავდაცვით ზღუდეებს აშენებენ. ომის სიმძიმის ცენტრი კვლავ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე.