განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან ფეხმძიმე ქალები უკრაინაში. მათ მუდმივად გაქცევა უწევთ და არ აქვთ წარმოდგენა ხვალინდელ დღეზე.
მარიუპოლიდან, ხარკივიდან კიევიდან ფეხმძიმე ქალები ძირითადად ქვეყნის დასავლეთით გაიქცნენ. ამიტომ, ლვივის სამშობიარო მუდმივად გადატვირთულია. იქ შედარებით იშვიათად ისმის განგაშის ხმა, მაგრამ ისინი მაინც მუდმივ შიშში ცხოვრობენ და ყოველი განგაშისას ექიმთან მიდიან, რათა ბავშვის გულისცემას მოუსმინონ.
ლვივის სამშობიაროს თავშესაფარში არის ინკუბატორიც და სამშობიარო მაგიდაც – მათთვის, ვისაც შესაძლოა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წუთების გატარება ბომბების ქვეშ მოუწიოს.
ბევრმა ქალმა სახლებში ახლად გარემონტებული საბავშვო ოთახები დატოვა. ასეთია ნატალიაც… ის ჰოსტომელიდან გამორბოდა მაშინ, როცა რუსები უახლოეს აეროპორტს ბომბავდნენ, მანამდე კი რამდენიმე დღე კორპუსის სადარბაზოში, ცივ იატაკზე ეძინა. ახლა ახლად დაბადებულ ტყუპებს, სოფიას და ზლატას უყურებს და ცდილობს ყველაფერი დაივიწყოს, მაგრამ ძნელია.
„როცა გარეთ გამოვედით, რუსი ჯარისკაცები ქალაქში არ იყვნენ…შემდეგ ისინი თითქოს ციდან ჩამოფრინდნენ… რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი მეგობრები ირპინში გადასვლას ცდილობდნენ და ესროლეს მათ მანქანებს, მათ ბავშვებს, სახლებს… ყველაფერს“, – იხსენებს ნატალია.
მომავალი დედა, ეკატერინა რუსების მიერ ოკუპირებული მიკაილოვიდან გამოიქცა – ღამის პერანგით, მხოლოდ დოკუმენტების ამარა…
„წავიკითხე, რომ მიკაილოვში გოგომ დაბომბვის დროს იმშობიარა. იმ სამშობიაროში, რომელიც შემდეგ განადგურდა. ყველაზე მეტად არ მინდოდა, ბავშვი ომში გამეჩინა. არავის არ უნდა რომ ბავშვი ომში გააჩინოს… თავშესაფარში ან ბუნკერში… არ მინდა ჩემი შვილი ასეთ ადგილას გაჩნდეს“, – ამბობს ეკატერინა.
სამშობიარო განყოფილების უფროსი ლილია მირონოვიჩი ამბობს, რომ ომით გამოწვეული სტრესის გამო, ახლა უფრო მეტი ქალი მშობიარობს ნაადრევად. მას ძალიან უჭირს ფიქრი მათზე, ვისაც სარდაფში, ბომბების ქვეშ მოუწია მშობიარობა, ან ხანძრის დროს… მათზე, ვინც ვერ გადარჩა სამშობიარო სახლებზე თავდასხმის დროს. მაგალითად მარიუპოლში.
„რთულია ასახსნელად… ვიცით რომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემაა და ჩვენვე უნდა მოვერიოთ. ეს ჩვენი ტკივილია, ჩვენი ბავშვები იღუპებიან და არა დანარჩენი მსოფლიოსი…ვფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო ახლა ჩვენთან ერთადაა, ისინი გვეხმარებიან იარაღით.. მაგრამ ჩვენი ბავშვები კვდებიან, ჩვენი ქალები კვდებიან“, – ამბობს ლილია მირონოვიჩი.
ლვივის სამშობიაროში. ბევრი იძულებით გადაადგილებული ახალბედა დედაა. იქ ომზე არ საუბრობენ – ეს შეზღუდვა თავად დააწესეს, ბავშვები სტრესული გარემოსგან უნდა დაიცვან. მშობიარობა ყველა ქალისთვის სტრესია, თუმცა ასეთი არა…
სოფიო მაქაცარია