ომმა მოზარდების ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 15 წლის კაროლინა იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად საფრანგეთში გაქცეულიყო.
ეს დიდი ტრაგედია იყო მოცურავე გოგონასთვის, რომელსაც წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ.
კაროლინა სკოლაში სპორტულ-სასწავლო ცურვის ჯგუფში ჩაეწერა, მონაწილეობდა და იმარჯვებდა რეგიონულ და ეროვნულ შეჯიბრებებში. როგორც თავად ამბობს, მას უკრაინაში პროფესიონალი მწვრთნელები ჰყავდა.
კაროლინა ახლაც ვარჯიშობს, შორს სირენების ხმისგან, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ ლვივში ახლაც ისმის. მოზარდს სურს, ვარჯიშის დროს გადაღებული ვიდეოები იმ მეგობრებს გაუგზავნოს, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ.
პარიზთან ახლოს ქალაქ რუასის სასტუმროში კაროლინასთან ერთად დაახლოებით 300 უკრაინელი ლტოლვილია.
კაროლინას ოჯახს პოლონეთის გავლით საფრანგეთში ჩასასვლელად რთული გზის გავლა მოუწია. კაროლინას დედას ნატალიას ეგონა, რომ ლვივს მხოლოდ რამდენიმე კვირით ტოვებდა. თუმცა უკვე 2 თვე გავიდა, რაც შვილებთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს და ქმარი არ უნახავს.
კაროლინას დედას ნატალიას ენატრება ნათესავები, მეგობრები და ოჯახის ის წევრები, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ. მათ ხშირად ესაუბრება, თუმცა ყოველთვის სასიხარულო ამბები არ ესმის. მის ქვეყანაში ომია, ამიტომ იქ დარჩენილი ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს შიშში ატარებენ.
ოჯახის მომავალი ჯერ გაურკვეველია. კაროლინას, იმედი აქვს, რომ უკრაინაში დაბრუნებისთანავე ცურვას გააგრძელებს. შეიძლება, ერთ დღეს კაროლინამ თავისი ქვეყნის სახელით ოლიმპიურ თამაშებზეც კი იასპარეზოს.