რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კრემლში მიესალმებიან დასავლეთთან დიალოგის გაგრძელებას. რუსი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ომი არ სურს, ამავე დროს კი დაჟინებით მოითხოვს ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში მისი სამხედრო მოთხოვნები გაითვალისწინოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებით, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში თავმოყრილი სამხედრო შენაერთების ნაწილი ყაზარმებში ბრუნდება.
კრემლი სრულ დეესკალაციაზე არ მიდის, ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ მოსკოვი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უალასი ამბობს, რომ რუსული ჯარების უკანდახევა არ დასტურდება, ბრიტანელი პოლიტიკოსი მოკავშირეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“კრემლის მიერ საკუთარი ჯარების გაყვანის შესახებ გაკეთებული განცხადებების დასტური არ გვინახავს, პირიქით, ვხედავთ ადგილზე საველე ჰოსპიტლებისა და სტრატეგიული შეიარაღების განთავსებას, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უალასი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ალიანსის შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს უმასპინძლა.
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ვიზიტი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ფრთხილი ოპტიმიზმის ფონზე მიმდინარეობს.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებიდან და ყირიმის ანექსირებული ნახევარკუნძულიდან მოსკოვის მტკიცებით რუსული ჯარები გადიან, მაგრამ ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსული სამხედრო დეესკალაციის ნიშნები ჯერ არ შეიმჩნევა.
“ბატონო თავდაცვის მდივანო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატოში. დიდი მადლობა ალიანსისადმი ერთგულებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსული არმიის ნაწილების მობილიზაციაა და ევროპის უსაფრთხოება გამოწვევის წინაშეა. ჩვენ მზად ვართ, მოსკოვთან დიალოგისთვის და გვსურს ვიხილოთ დიპლომატიური გზით მიღწეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამავე დროს მზად ვართ ცუდი სცენარისთვისაც. მადლიერი ვარ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ამერიკული ჯარების რაოდენობის ზრდისათვის, ამერიკელ ჯარისკაცებს მე რუმინეთში შევხვდი და მათი სამხედრო მზადყოფნის ხარისხი შთამბეჭდავია“, – მიმართა იენს სტოლტენბერგმა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს..
ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი კი აცხადებს, რომ მზად არის ალიანსის ინტერესების დასაცავად.
“ხშირად გვითქვამს, რომ მეხუთე მუხლის და ზოგადად საერთო თავდაცვის პრინციპების ერთგულნი ვრჩებით. გარწმუნებთ, რომ ეს მიდგომა უცვლელია. დღევანდელი დღის წესრიგი აგრესიული და გადაუდებელი ხასიათისაა. მზად ვარ, თქვენთან და კოლეგებთან ალიანსისათვის და რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვისთვის. მოხარული, ვარ რომ გეწვიეთ და მზად ვარ თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
უკრაინაში კი მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეხვდა ახალ დღეს ომზე ფიქრით. დედაქალაქ კიევში და სხვა უკრაინულ ქალაქებში სიმშვიდეა. უკვე მეორე დღეა, რაც იმედი გაჩნდა რომ აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობა შენარჩუნდება.