იმ დროს როცა ყაზახეთში გლოვის დღეა და დროშები დაშვებულია, პრეზიდენტი ამბობს, რომ არეულობები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
შეტაკებებმა 160-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საპროტესტო აქციების დროს კი სახელმწიფომ 8 ათას ადამიანამდე დააკავა.
ალმათიში არეულობები ერთი კვირის წინ, საწვავზე ფასის მატების გამო დაიწყო.
„აქციას შეიარაღებული ბოევიკების დაჯგუფებები შეუერთდნენ, რომლებიც საკუთარ საათს ელოდნენ. ნათელი გახდა მთავარი მიზანი: კონსტიტუციური წყობის ჩამონგრევა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე“, – აცხადებს ყაზახეთს პრეზიდენტი კასიმ-ჟომარ ტოყაევი.
არეულობების ჩასახშობად, როგორც სამშვიდობო მისია, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებით დაკომპლექტებული, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში, რუსეთმა ყაზახეთში ჯარი გაგზავნა.
ამ სამხედრო ალიანსის წარმომადგენლებთან ვიდეოზარის დროს, ორშაბათს, პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.
„ყაზახეთში გაგზავნილია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეზღუდული დროით. და ამ პერიოდის ხანგრძლივობას ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი განსაზღვრავს. რა თქმა უნდა მისიას, მთელ კონტიგენტს, გამოვიყვანთ ყაზახეთის ტერიტორიიდან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ალმათის ქუჩებში სიმშვიდე ბრუნდება, ყაზახეთის ლიდერი ამბობს, რომ ჯარი, რომლის სათავეშიც მოსკოვია, ქვეყანას მალე დატოვებს.