მთავარიაზიაყაზახეთიყაზახური კრიზისის ანატომია

ყაზახური კრიზისის ანატომია

ალმათიში, ქალაქის ცენტრში არმიის ჯარისკაცებსა და შეიარაღებულ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა.

მომიტინგეთა მიერ ხელისუფლების ადმინისტრაციულ ცენტრებზე თავდასხმის დროს ბევრი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელები და ჯარისკაცები, დაღუპულია ათობით სამოქალაქო პირი.

დაპირისპირების შედეგად დამწვარია ალმათის მერიის, ადმინისტრაციული ცენტრის შენობები, ასევე პრეზიდენტის რეზიდენცია.

5 იანვარს თავდაპირველად,  ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა ქვეყნის მთავრობის გადაყენებით მოსახლეობის დამშვიდება სცადა, მაგრამ დღის ბოლოს დემონსტრანტებს უკვე ტერორისტები უწოდა და საბოლოო ჯამში მოსკოვს, ტაშკენტის პაქტის ორგანიზაციის ფარგლებში, სამხედრო დახმარების გაწევის თხოვნით მიმართა.

ეს თხოვნა კრემლმა და დანარჩენმა ხუთმა  წევრმა სახელმწიფომ მყისიერად დაადასტურა,  გადაწყვეტილების შესახებ კი სომხეთის პრემიერ – მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობის მწარმოებელ ქალაქში დაიწყო, მაგრამ ამ ეტაპზე ათასობით მოქალაქის, პოლიციასა და არმიასთან, დაპირისპირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

ეს ტრაგიკული მოვლენები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ, ყაზახეთში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია. ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები დიდი შეშფოთების მიზეზია ორ, ძლიერ, მეზობელ სახელმწიფოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში.

ორივე მათგანს ისტორიულად ძლიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენა აქვს. ყაზახური ნავთობის უდიდესი შემსყიდველი პეკინია, მოსკოვი კი ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირე სახელმწიფო.

პოლიცია და არმია ამ მომენტისათვის ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ცდილობს, მოქალაქეთა მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ქვეყანაში კი სამშვიდობო მისიით უკვე იმყოფებიან ტაშკენტის უსაფრთხოების პაქტის წევრი სახელმწიფოების ჯარისკაცები. მათ შორის უმეტესობა რუსი სამხედროა. რამდენად არის მათი მისიის მიზანი მშვიდობის დამყარება და რის ფასად დაუჯდება ყაზახეთს ეს მშვიდობა, ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend