2008 წლის ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაეშვა.
დროშები დაეშვა მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, შსს-ს, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს საქართველოს 412 მოქალაქე ემსხვერპლა, 1 747 პირი კი დაიჭრა.
რუსული ბომბების გამო საკუთარი სახლი თითქმის 150 ათასმა ადამიანმა დატოვა. მათგან 30 ათასამდე პირი კვლავ იძულებით გადაადგილებულია. ომი 5 დღეს გაგრძელდა, რის შემდეგაც რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
„მცოცავი ოკუპაცია“, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კი გადარჩენისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა.