სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ ეძებენ ტყის ხანძრის შედეგად ორ დაკარგულს. მდგომარეობას დიდთოვლობაც ართულებს. ხანძარმა დენვერიდან ბოულდერის ადმინისტრაციულ ერთეულამდე 1000-ზე მეტი სახლი და შენობა გაანადგურა.
კოლორადოს გუბერნატორი ჯარედ პოლისი შემთხვევის ადგილას ვითარების გასაცნობად მივიდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება გრძელდება. ფიქრობენ, რომ ხანძარი შესაძლოა მშრალმა და უთოვლო ზამთარმა გამოიწვია. კოლორადოში ამინდი მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაუარესდა.
დაზარალებულები, თოვლის მიუხედავად, ცდილობენ, გაიგონ, რა მდგომარეობაშია მათი სახლები. ერთ-ერთმა მოქალაქემ ცრემლიც კი ვერ შეიკავა.
ადგილობრივი მცხოვრები უილიამ კლეინი ამბობს, რომ ქუჩის ბოლოს ბავშვთა სათამაშო მოედანი იყო. მას შეუძლია ახალი წიგნები და ავეჯი შეიძინოს, თუმცა, მისი თქმით, ძალიან რთული იქნება იმ საზოგადოების, მეგობრობისა და სოციუმის აღდგენა, რომელიც აქამდე ჰქონდათ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენები ეროვნულ კატასტროფად შეაფასა. პრეზიდენტი დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების დასახმარებლად თანხას გამოყოფს.