მთავარიმსოფლიობერლინის, ბრიუსელისა და მოსკოვის პოზიციები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით

ბერლინის, ბრიუსელისა და მოსკოვის პოზიციები უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან მიმდინარე კრიზისის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შემდეგ განცხადებები გააკეთეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მოსკოვს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას ჩვენი მხრიდან მკაცრი პასუხი ექნება. მოსკოვისათვის უკრაინაზე თავდასხმა დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დანაკარგების მომტანი იქნება. რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ ნატო უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდაში ეხმარება, ამავე დროს ჩვენ მზად ვართ მოსკოვთან დიალოგისთვის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული არმიის შენაერთების მობილიზაცია შემაშფოთებელია, მისი სახელმწიფოს ახალი მთავრობა კი მზად არის, შეასრულოს ნატოს ეგიდით ნაკისრი ვალდებულებები.

“ჩვენ გამოწვევებით აღსავსე დროში ვცხოვრობთ. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული არმიის ნაწილების თავმოყრა შემაშფოთებელია, ეს საფრთხის შემცველია როგორც უკრაინის, ასევე ევროპის უსაფრთხოებისათვის. რიგაში გამართული მინისტერიალის ფარგლებში ნატოს წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციას გერმანიის  მთავრობა იზიარებს და მზად არის, ნატოს ეგიდით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად“, – აცხადებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი.

უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთეს მოსკოვშიც.

„უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყველა გზა შეიძლება ითქვას რომ ამოწურულია. ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები სწორედ ამას ადასტურებს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა.

ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 175 ათასიდან 200 ათასამდე რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი.

კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს დაიწყო, შედეგად რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. კონფლიქტის შედეგად დღემდე 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend