მსოფლიოს მასშტაბით სხვადსხვა ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის – Omicron-ის შემთხვევები გამოვლინდა. მთავრობები კეტავენ საზღვრებს, იკრძალება საერთაშორისო მოგზაურობა, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად საშიშია ვირუსის ეს ვარიანტი.
“ჩვენ ჯერ არ ვიცით, სხვა ვარიანტებთან შედარებით, Omicron-ი უფრო გადამდებია თუ არა, რამდენად რთულად მიმდინარეობს დაავადება და უმკლავდება თუ არა მას ვაქცინა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჯანმოს მეცნიერები მთელ მსოფლიოში მუშაობენ. ომიკრონის გაჩენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა”, -ამბობს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.
ესპანეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელშიც ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ ტურისტს, რომელიც კვირას სამხრეთ აფრიკის იმ ქვეყნიდან დაბრუნდა, რომელშიც პირველად აღმოაჩინეს ახალი ვარიანტი.
მთელს მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მოგზაურებში გამოვლინდა, მიუხედავად ამისა, პორტუგალიასა და შოტლანდიაში ფიქრობენ, რომ Omicron შესაძლოა უკვე ადგილობრივადაც ვრცელდებოდეს.
ამავდროულად, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს. მაროკოს მთავრობამ აკრძალა ფრენები, შეიზღუდა უცხოელების შესვლა ისრაელსა და იაპონიაშიც.
დიდი ბრიტანეთი, სხვა ქვეყნების მსგავსად მოუწოდებს ყველა მოგზაურს, ჩასვლისას ჩაიტარონ PCR ტესტირება, ისინი ვალდებული არიან, იყვნენ იზოლაციაში, სანამ ტესტის უარყოფით პასუხს არ მიიღებენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა აფართოებს ვაქცინაციის პროგრამას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დელტა კვლავ დომინანტური ვარიანტია.
მიუხედავად საყოველთაო შეშფოთებისა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ თუ ამის დრო ექნებათ, შეძლებენ ვირუსთან გამკლავებას ან საჭიროების შემთხვევაში შექმნიან ვაქცინებს ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.