15 ნოემბერს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა ლიბიის გარდაცვლილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ვაჟს არ მისცენ საშუალება საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ლიბიის საარჩევნო სააგენტოს ინფორმაციით, სეიფ ალ-ისლამმა, რომელსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო 2011 წლის აჯანყების დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ეძებს, კვირას ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა.
„აქ მოვედით, რათა გავაპროტესტოთ და არ მივცეთ საშუალება ამ კრიმინალებს (სეიფ ალ-ისლამისა და ჰიფტერის), მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. კონსტიტუციური დეკლარაციისა და წესების თვალსაზრისით, ის ვერ გახდება პრეზიდენტები”, – აცხადებს აქციის მონაწილე ასემ გებაბი.
„საარჩევნო კანონები უნდა ემყარებოდეს გარკვეულ საერთაშორისო წესებს. ის არ უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. მათზე საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული, მათ ხომ უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი ლიბიელი ხალხის წინაშე. აქ არაა იმათი ადგილი, ვისაც ხალხი ჰყავს დახოცილი, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფული აქვს მოპარული და გაფლანგული“, – ამბობს აქციის მონაწილე ომარ ბაარა.
ლიბიაში საპრეზიდენტო არჩევნები, გაეროს ხელმძღვანელობით, 24 დეკემბერს გაიმართება, ქვეყანაში წლების განმავლობაში ცდილობდნენ, დემოკრატიული მმართველობა დამყარებულიყო და ომი დასრულებულიყო.
კადაფის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ ნავთობით მდიდარი ლიბია მეტოქე მთავრობებთან მუდმივ დაპირისპირებაში იყო. ქვეყანას ორი მთავრობა ჰყავს: ერთი დედაქალაქ ტრიპოლშია, ხოლო მეორე – ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში.