ტაილანდელი რეჟისორის აპიჩატპონგ ვირასეტაკული საავტორო კინოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. 2010 წელს მისი ფილმი კანის პალმის რტოს გამარჯვებულად დასახელდა. წლევანდელ ფესტივალზე კი აპიჩატპონგს კანის ჟიურის პრიზი გადაეცა ფილმისთვის, სახელწოდებით „მემორია“.
„რთულია იმის თქმა, თუ რის შესახებაა ფილმი. მომავალ წელს შეიძლება სულ სხვანაირად აღვწერო. ამჟამად ვფიქრობ, ეს ფილმი არის ურთიერთობებზე და იმაზე, თუ როგორ წყდება ეს კავშირი გლოვის დროს“,- ამბობს რეჟისორი აპიჩატპონგ ვირასეტაკული.
ფილმში მთავარ როლს კანის ფესტივალის ხშირი სტუმარი მსახიობი ტილდა სვინტონი ასრულებს. წელს იგი კანზე წარდგენილ სამ ფილმში მონაწილეობს.
„ვფიქრობ, რომ ფილმის ხასიათი პირველივე კადრებიდან ჩანს. აპიჩატპონგი ცნობილია თავისი ხანგრძლივი, გადაბმული კადრებით, რომლებიც შვიდი ან ცხრა წუთი გრძელდება. იგი საკუთარ სამყაროში გვიწვევს. მაყურებელი ნახავს, თუ როგორ დგება ქალი საწოლიდან შვიდი წუთის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ეს მაინც სასიამოვნო საყურებელია, თუ მაყურებელს საკმარისი მოთმინება გააჩნია“, – ამბობს მსახიობი ტილდა სვინტონი.
ფილმის ნელი ტემპი და არასტანდარტული სიუჟეტი შეიძლება ბევრი მაყურებლის გემოვნებაში არ ჯდებოდეს. თუმცა, რეჟისორ აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ერთგული გულშემატკივრები ფილმით, დიდი ალბათობით, კმაყოფილები დარჩებიან.