მთავარიმსოფლიოევროპა1 ივლისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის ციფრული სერტიფიკატი შედის ძალაში

1 ივლისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის ციფრული სერტიფიკატი შედის ძალაში

საბერძნეთის კუნძულზე საზაფხულო შვებულების გატარება პირველი ივლისიდან ბევრად უფრო მარტივი იქნება. ხუთშაბათიდან ევროკავშირის ქვეყნებში ძალაში შედის კორონავირუსის ციფრული სერტიფიკატი. ამ სახით ევროკავშირის მოქალაქეებს უკვე ექნებათ დამადასტურებელი საბუთი, რომ მათ უსაფრთხოდ შეუძლიათ საზღვრების გადაკვეთა. სერტიფიკატს აქვს საერთო დიზაინი და მისი როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი ვერსიის გამოყენებაცაა შესაძლებელი.  ამ დოკუმენტის შესახებ პირველად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მარტში ისაუბრა.

როგორც საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი ვასილის კიკილიასი ამბობს, ევროპული ციფრული სერტიფიკატის დანერგვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის იდეა იყო. ლუქსემბურგში ყველა ევროპელი მინისტრი ამ თემის წინ წამოწევას ცდილობდა. ვასილის კიკილიასის აზრით, საერთო საკითხზე შეთანხმება აუცილებელია.  უკვე დიდი მიღწევაა, რომ სერტიფიკატის საშუალებით ევროკავშირის მოქალაქეებს ერთი ქვეყნიდან მეორეში მარტივად შეუძლიათ გადასვლა.

ევროკავშირის კორონავირუსის ციფრული სერტიფიკატი დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ პირი აცრილია, ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

ხოლო იმ პირს, რომელსაც ექნება სერტიფიკატი, აღარ შეეხება თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები, თუ ეს შეზღუდვები უსაფრთხოების მიზნით არ არის დაწესებული.

საბერძნეთის ციფრული ტექნოლოგიების ზედამხედველობის მინისტრი კირიაკოს პიერაკაკისი აცხადებს, რომ სერტიფიკატის საშუალებით, უფრო სწრაფადაა შესაძლებელი საზღვრის გადაკვეთა. მისი აზრით, ეს ასევე ხელს შეუწყობს მოგზაურობის აღდგენასა და ტურიზმის ფუნქციონირებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საბერძნეთისთვის.

ციფრული ტექნოლოგიების ზედამხედველობის მინისტრმა „ევრონიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი სერტიფიკატების დანერგვა ევროკავშირის საქმიანობის სხვა სფეროებშიცაა შესაძლებელი.

კირიაკოს პიერაკაკისი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში ეს ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ციფრულ ტექნოლოგიებს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ამგვარი ტექნოლოგიების განვითარებას. მაგალითად, ეს ტექნოლოგიები შესაძლებელია, გამოიყენონ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემებში და წევრ ქვეყნებს შორის მოგზაურობის დროს. როგორც კირიაკოს პიერაკაკისი ამბობს, მათ ძალიან სწრაფად დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია ამ სახის ტექნოლოგიების დანერგვა ადგილობრივ სისტემებში. მათ ეს შეძლეს კორონავირუსის სერტიფიკატების შემთხვევაში და ასე უნდა მოიქცნენ სხვა სფეროებთან დაკავშირებითაც.

თუმცა უმსხვილეს ევროპულ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებში დამატებითი შემოწმების გამო შესაძლოა გრძელი რიგები წარმოიქმნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend