მთავარიგადაცემებიანგოლაანგოლის გოლფის ჩემპიონი - გოლფი ყველა სოციალური ფენისთვის არის

ანგოლის გოლფის ჩემპიონი – გოლფი ყველა სოციალური ფენისთვის არის

ანგოლის გოლფის ჩემპიონის ვიქტორ მარსალის უკან, რომელსაც  მეტსახელად მანუშოს ეძახიან, დგას შესანიშნავი ისტორია, დაუჯერებელი თავგადასავალი და მძიმე შრომა. იგი ანგოლაში მისაბაძ მაგალითად ითვლება.

ვიქტორ მარსალი ვერასოდეს წარმოიდგენდა, ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო. დღეს ის გოლფის კორტებზე ხვეწს თავის ხელოვნებას და მისი მწვრთნელი „ანგოლის გოლფის მამად“ წოდებული  მანუელ პედროა.

ვიქტორის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბიჭი გოლფის მოთამაშეებს შორიდან უყურებდა და მოედნიდან აცდენილ ბურთებს უბრუნებდა.

 
ვიქტორ მარსალ „მანუშო“, გოლფის საუკეთესო მოთამაშე ანგოლაში:

“ერთხელაც მათ გვითხრეს, „არ გინდათ, თამაში გასწავლოთ?““ და ჩვენ ვუპასუხეთ , „დიახ, გვინდა“.  მერე ჯოხი პირველად მოვიქნიეთ და ყველაფერი ასე დაიწყო.“

ეს ფრანგი ცოლ-ქმარი იყო, რომელთაც ვიქტორის მფარველობა გადაწყვიტეს. ჯერ გოლფის თამაში ასწავლეს, მერე გოლფის ინვენტარიც აჩუქეს. რადგან სპორტის მიმართ ვიქტორის ინტერესიც და თავდაჯერებაც გაიზარდა, იგი სხვა ბიჭებთან ერთად თამაშის ასისტენტი ე.წ. კადი  გახდა. შემდეგ იგი აიყვანა   მწვრთნელმა მანუელ პედრომ, რომელსაც დღეს ეთამაშება და თანდათან „მანუშოდ“ გადაიქცა, ეს სახელი სიყვარულით შეარქვეს.

მანუელ პედრო, ანგოლის გოლფის მამა:

„ჩვენ მათ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება მივეცით, ჯერ  ასისტენტებს შორის შეჯიბრში, შემდეგ ასისტენტებსა და გოლფის მოთამაშეების შეჯიბრშიც. მერე წვრთნა დავიწყეთ. ჯერ კადის მოსამზადებელი წვრთნა გაიარეს, მერე მათ წვრთნაში  მოთამაშეებიც ჩაერთნენ. სწორედ მაშინ გამოიჩინეს თავი მანუშომ და კიდევ რამდენიმე ბიჭმა, თუმცა მანუშო მაინც საუკეთესო იყო. სწორედ მაშინ გაითქვა სახელი მანუშომ.“

ახლა ეროვნული ჩემპიონი მანუშო თავისი კარიერის დასაწყისს იხსენებს, როდესაც აქ, ლუანდაში, ინვენტარი არ ჰქონდა და იმპროვიზაციას მიმართავდა.

ვიქტორ მარსალ „მანუშო“, გოლფის საუკეთესო მოთამაშე ანგოლაში:

“აი, ასეთ რკინის ჯოხს ვიღებდით, გადავღუნავდით, როგორც საჭიროა, რომ ხელში დაგვეჭირა. რადგან არც ბურთები გვქონდა, ვიყენებდით საცობს ან ღვინის ბოთლის თავსახურს. კორტები ტყე იყო და იქ ვთამაშობდით.“

მანუშოს  სიბეჯითე და თავდადება დაუფასდა. ახლა იგი 38 წლისაა და ანგოლის 60-ზე მეტი ჩემპიონის ტიტული აქვს. თუმცა ერთი თასი, რომელიც  ანგოლის დამოუკიდებლობის 45-ე წელს აღნიშნავს, მისთვის ყველაზე ღირებული მონაპოვარია.

როდესაც გოლფის კორტებზე არ არის, მანუშო ბანკში მძღოლად მუშაობს. და, როგორც წესი, მანქანაში საუბრის თემა სპორტია.

პროფესიული გოლფი  თანდათან ვითარდება ანგოლაში როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ინვენტარის თვალსაზრისით. მანუშოს იმედი აქვს, რომ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი იქნება და ადგილობრივ სტერეოტიპებს დაამსხვრევს.

ვიქტორ მარსალ „მანუშო“, გოლფის საუკეთესო მოთამაშე ანგოლაში:

“ბიჭები, რომლებსაც ვავარჯიშებ, ხშირად მეკითხებიან: „ეს ხომ მხოლოდ კარგად ჩაცმული ხალხისთვისაა?“ არა. ვეუბნები, არ არის ასე. თუ პროფესიონალი გახდები, შენც ასე ჩაიცვამ, მაგრამ იგივე ადამიანი დარჩები, არაფერი შეიცვლება…გოლფი ყველა სოციალური ფენისთვის არის.“

ავტორი: დეიმონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend